ლატვიური ტელეკომპანიის, TV3 Group-ის ტელეარხები 2026 წლის ზამთრის თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების გამოსვლების დროს პირდაპირ ეთერში რეკლამას გაუშვებენ. ამის შესახებ ტელეკომპანიის სპორტული პროგრამების დირექტორმა განაცხადა.
უფრო ადრე ლატვიური ტელეარხები ანალოგიურად მოიქცნენ ციგაობაში ევროპის ჩემპიონატის დროს.
„თავდაპირველად ჩვენ განვიხილავდით შესაძლებლობას, რომ საერთოდ არ გვეჩვენებინა ციგაობის ტურნირი, მაგრამ ეს დააზარალებდა ლატვიელ მოციგავეებს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, რუს სპორტსმენებთან ერთად გამოსულიყვნენ“, – განაცხადა ტელეკომპანიის წარმომადგენელმა.
„ეს შეგნებული სარედაქციო გადაწყვეტილებაა და არა ტექნიკური შემთხვევითობა, ამიტომაც ეს მომენტები გამოიყენება დაგეგმილი სარეკლამო პაუზებისთვის“, – დაამატა მან.
იანვარში ცნობილი გახდა, რომ ლატვიის ოლიმპიურმა კომიტეტმა საკუთარ სპორტსმენებს რეკომენდაცია მისცა, 2026 წლის თამაშებზე რუს და ბელარულ სპორტსმენებთან კონტაქტისგან თავი შეიკავონ.
ამ მომენტისთვის ზამთრის ოლიმპიადაზე დაშვებულია მხოლოდ ცხრა რუსი სპორტსმენი – ორი მოთხილამურე, ორი მოციგურავე, ორი ციგურებით მორბენალი, ორი შორტტრეკისტი და ერთი სკიალპინისტი.
ზამთრის ოლიმპიური თამაშები მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში 6-22 თებერვალს გაიმართება.