დობელის (ლატვია) მუნიციპალიტეტში, მეღორეობის ერთ-ერთ ფერმაში, „ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების)“ აფეთქება დაფიქსირდა. დაავადება ერთდროულად 14 ღორს აღმოაჩნდა. ლატვიის სურსათისა და ვეტერინარული სამსახურის მიერ 9 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ეს მიმდინარე წელს ლატვიის მეღორეობის შინამეურნეობებში „ღორის ჭირით“ ინფიცირების მეშვიდე მასობრივი გამოვლინებაა.

ვეტერინარული სამსახური იღებს შესაბამის ზომებს ეპიდემიის აღმოფხვრისა და ლოკალიზებისთვის. გარდა ამისა, დაზარალებულ ფერმაში ტარდება ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები. ეპიდემიის კერის ლიკვიდირებისა და დაავადების შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ამ ფერმაში მყოფი ყველა ღორი განადგურდება.

„ღორის აფრიკული ჭირით“ დაზარალებული შინამეურნეობის ირგვლივ შეიქმნა საკარანტინო ზონა. ვეტერინარულმა სამსახურმა ამ ზონაში ღორების ჯანმრთელობის შემოწმება გაამკაცრა და ბიოუსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა გააძლიერა. საკარანტინო ზონებში დაწესებულია შეზღუდვები ღორებისა და ღორის პროდუქტების გადატანა-გადაადგილებაზე.

სურსათისა და ვეტერინარული სამსახური აცხადებს, რომ შინაური ღორების სიცოცხლეს ყველაზე დიდ საფრთხეს „აფრიკული ჭირით“ ინფიცირებული გარეული ღორი უქმნის. თავად გარეული ღორის პოპულაცია ამ დაავადებას ადვილად ამარცხებს, თუმცა ახალგაზრდა გარეული ღორების კოლტში ვირუსი მაინც ფართოდ ვრცელდება. „ღორის აფრიკული ჭირის“ ვირუსი ბუნებრივად ცირკულირებს გარემოში - ტყეებში, მდელოებსა და მინდვრებში.

წელს ლატვიაში 1021 გარეულ ღორს უკვე დაუდგინდა „აფრიკული ჭირის“ დიაგნოზი. ეს უფრო მეტია, ვიდრე მთელი გასული წლის განმავლობაში, როდესაც ანალოგიური დიაგნოზი 1002 გარეულ ღორს დაუსვეს.

ერთადერთი, რაც შინაურ ღორებს ამ მომაკვდინებელი ვირუსით ინფიცირებისგან იცავს, ფერმაში ბიოუსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვაა.

წყარო: 1 არხი