2021 წელს ევროკავშირში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობებით გამოწვეული გარდაცვალების 190 900 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მთლიანი სიკვდილიანობის 3,6%-ს შეადგენს. ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის („ევროსტატი“) მიერ 10 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების მიზეზით, 100 000 მოსახლეზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საშუალოდ, 38 ადამიანი იღუპება.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ალკოჰოლის მოხმარების კუთხით ლატვიის მაჩვენებლები, ევროკავშირის ბევრ ქვეყანასთან შედარებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

ფსიქიკური და ქცევითი აშლილობებით გამოწვეული სიკვდილის მთავარი მიზეზია დემენცია, რომელმაც 2021 წელს ევროკავშირში ამ ტიპის დაავადებებით (ფსიქიკური და ქცევითი აშლილობება) გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევების 84% შეადგინა. ლატვია იყო ერთადერთი ქვეყანა ევროგაერთიანებაში, სადაც 65 წლამდე ასაკის ადამიანებში დემენციით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 1,0-ს აღემატებოდა და 1,1 ერთეული შეადგინა.

2021 წელს ევროკავშირში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობებით გამოწვეული გარდაცვალების მეორე მთავარი მიზეზი (დემენციის შემდეგ) ალკოჰოლის მოხმარება იყო.

ევროკავშირში, 65 წლამდე ასაკის ადამიანებში,სიკვდილიანობის (ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების მიზეზით) 61%-ს ალკოჰოლის მოხმარება განაპირობებს. ლატვიას აქვს ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების გამო სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი სტანდარტიზებული მაჩვენებელი ამ ასაკობრივ ჯგუფში (9.1 შემთხვევა 65 წლამდე ასაკის 100 000 მოსახლეზე), ხოლო სლოვენიას - ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების კატეგორიაში (46.3 შემთხვევა 100 000 ხანდაზმულზე).

სლოვენიის, ლიეტუვას და უნგრეთის შემდეგ, ლატვია მეოთხე ადგილზეა მამაკაცებში განზრახ თვითდაზიანების (თვითმკვლელობის) შედეგად დაღუპულთა რაოდენობით. ამასთან, ლატვიელ მამაკაცებში თვითმკვლელობის მაჩვენებელი 8-ჯერ მეტია, ვიდრე ქალებში, რაც ყველაზე დიდი განსხვავებაა, ევროკავშირის მასშტაბით.

2021 წელს გერმანიაში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მკურნალობის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა(100 000 მოსახლეზე 1 463). ლატვია, ფინეთი, ავსტრია და საფრანგეთი ის ქვეყნები არიან, სადაც 100 000 მოსახლეზე ფსიქიკური და ქცევითი დარღვევების სტაციონარული მკურნალობის 1 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

ალკოჰოლის ან/და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი დარღვევების გამო მკურნალობისას,საავადმყოფოებიდან ყველაზე მეტი პაციენტი ლატვიაში გამოეწერა - 100 000 მოსახლეზე 485,7.

ფსიქიატრიული დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებს ლატვიაში საშუალოზე მაღალი შანსი აქვთ, რომ საავადმყოფოში დასაწოლი ადგილი უპრობლემოდ მიიღონ: ქვეყანა ამ მაჩვენებლით ევროკავშირში მესამე ადგილზეა.

წყარო: 1 არხი