უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის სერჰი ნიკიფოროვის თქმით, უკრაინა უცხო ქვეყნის ტერიტორიებს არ უტევს. აღნიშნული განცხადებით ნიკიფოროვმა რუსეთის ბრალდებას უპასუხა, რომელიც უკრაინას კრემლზე დრონებით თავდასხმაში ადანაშაულებს.

„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ. მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, უკრაინა ყველა ხელმისაწვდომ ძალასა და საშუალებას მიმართავს საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებისკენ და არა სხვების ტერიტორიებზე თავდასხმისკენ“, – განაცხადა ნიკიფოროვმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის სიტყვებზე, რომელმაც კრემლზე უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმას "ტერორისტული თავდასხმა" უწოდა.

„ტერორისტული თავდასხმა არის დნეპრისა და უმანში სახლების დანგრეული სადარბაზოები ან კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმა და მრავალი სხვა ტრაგედია. და ის, რაც მოსკოვში მოხდა, აშკარად არის სიტუაციის ესკალაცია 9 მაისამდე. ეს ჩვენი მოწინააღმდეგის მოსალოდნელი სვლა იყო,”- აღნიშნა ნიკიფოროვმა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინას „რა თქმა უნდა, არაფერი აქვს საერთო კრემლზე უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებთან“.

„ჩვენ არ ვუტევთ კრემლს, რადგან, პირველ რიგში, ეს არ წყვეტს სამხედრო პრობლემას. აბსოლუტურად. და ეს უკიდურესად არახელსაყრელია ჩვენი შეტევითი ზომების მომზადების თვალსაზრისით. ეს რა თქმა უნდა არ ცვლის ვითარებას ფრონტზე. პირიქით, ეს გამოიწვევს რუსეთის კიდევ უფრო რადიკალურ ქმედებებს ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. რაც მთავარია, ეს საშუალებას მისცემს რუსეთს გაამართლოს მასიური დარტყმები უკრაინის ქალაქებზე, მშვიდობიან მოსახლეობაზე, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე,“- განაცხადა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკმა ასევე დაადანაშაულა კრემლი "მომავალ დღეებში ფართომასშტაბიანი ტერორისტული პროვოკაციების" მომზადებაში. მისი თქმით, რუსეთს ეშინია უკრაინის მოახლოებული შეტევის და „ცდილობს ინიციატივის ხელში ჩაგდებას, ყურადღების გადატანას, კატასტროფული ამბების ფონის შექმნას“.

კრემლის განცხადებით, კრემლზე თავდასხმა 3 მაისის ღამეს ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სცადა. რუსეთის ხელისუფლებამ ამაში "კიევის რეჟიმი" დაადანაშაულა.