საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და ბაჰრეინთან მოახლოებულ ამხანაგურ მატჩზე ისაუბრა.

„წინა თამაშთან შედარებით, შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება. ბაჰრეინს რაც შეეხება, ბოლო წლებში აზიის ტურნირებში კარგი შედეგები აქვს, საერთოდ ახალ გუნდებთან თამაში საქართელოს ნაკრების განვითარებისთვის კარგი იქნება.

ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ ფეხი დასიებული აქვს და ვერ ითამაშებს. ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, მას თავიდანვე სურდა, გუნდს შემოერთებოდა და ხვალ პირველივე წუთებიდან მოედანზე იქნება.

გიორგი მამარდაშვილს რთული სეზონი ჰქონდა. ძნელია, გიორგი ურჩიო „ლივერპულიდან“ წასვლა, მაგრამ ხომ არ აჯობებს, რომ გუნდი შეიცვალოს? ზოგადად, ეს ტრანსფერი გაგვიხარდა, მაგრამ მის ასაკში, ჩემი აზრით, აჯობებს სხვა გუნდში გადავიდეს. სასურველია, რომ ყველა პოზიციაზე იყოს კონკურენცია და 2-3 კანდიდატი გვყავდეს. ამიტომ ხვალ შანსი ლუკა გუგეშაშვილს მიეცემა.

რუმინეთთან საკმაოდ ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ბოლო ფაზაში გვიჭირდა დაგვირგვინება. იმედია, ბაჰრეინთან უკეთესი შედეგი იქნება და შეკრებას მოგებით დავასრულებთ.

ბართიშვილის თამაშს ვუყურე და ნიჭიერი მოთამაშეა, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ მხოლოდ ტექნიკა არ არის საკმარისი, აზროვნებაც საჭიროა. ამის მაგალითია ხვიჩა კვარაცხელია. იმედია,  ბართიშვილი შრომას გააგრძელებს და განვითარებას“.

საქართველოსა და ბაჰრეინის ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 5 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

პირველი არხი