25 აპრილიდან, იტალიის ქალაქი ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. რის შემდეგაც ვენეცია მსოფლიოში პირველი ქალაქი იქნება, რომელმაც ასეთი გადასახადი შემოიღო.

გარკვეულ დღეებში, ქალაქში შესვლა 8:30-დან 16:00 საათამდე 5 ევრო ეღირება. საპილოტე პროექტი 25 აპრილიდან 29 დღე გაგრძელდება - ვენეციის მფარველის წმინდა მარკოზის დღესასწაულიდან 14 ივლისამდე. ვიზიტორებმა ტელეფონში უნდა ჩამოტვირთონ QR კოდი, რომლის შემოწმებასაც ქალაქში ინსპექტორები შეძლებენ. დამრღვევებს 50-დან 300 ევრომდე ჯარიმა ემუქრებათ.

ამ ნაბიჯით ვენეციის ხელისუფლებას ტურისტების რაოდენობის შემცირება სურს, რადგან იუნესკო განიხილავს, რომ იტალიის ქალაქი რისკის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიყვანოს.

ქალაქის აღმასრულებელმა საბჭომ ამ ნაბიჯს მას შემდეგ დაუჭირა მხარი, რაც იუნესკომ რეკომენდაცია გაუწია, რომ ვენეცია გაქრობის პირას მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიას დაამატონ. ნაწილობრივ ამ გადაწყვეტილების მიზეზი მასობრივი ტურიზმის გავლენა სახელდება.

„გარკვეულ პერიოდებში ტურისტული ნაკადების მოწესრიგება აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს ქალაქის დახურვას. ვენეცია ყოველთვის ღია იქნება ყველასთვის“, - განაცხადა ვენეციის მერმა ლუიჯი ბრუნარომ.