ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს შტატის ქალაქ მანგარატიბას ხელისუფლებამ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი და პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი ნეიმარი ხელოვნური ტბის შექმნისთვის 16 მლნ რეალით (3,3 მლნ დოლარზე მეტი) დააჯარიმა. ჯარიმა შესაბამისი გარემოსდაცვითი კონტროლის შეუსრულებლობის, „ნიადაგის უკანონო გადაადგილების“, ნარგავების განადგურებისა და, ხელისუფლების აკრძალვის მიუხედავად, წყალსაცავის გამოყენებისთვის გაიცა.

პროკურატურამ დაასკვნა, რომ ნეიმარმა, სამუშაოს შესრულებისას, სათანადო გარემოსდაცვითი კონტროლი არ უზრუნველყო. ამისთვის ის 10 მლნ რეალით (დაახლოებით 2 მილიონი დოლარი) დაჯარიმდა. მოთამაშე „მიწის გადაადგილების“ გამო კანონის დარღვევისთვის კიდევ 5 მლნ რეალით (1 მლნ დოლარზე მეტი) დააჯარიმეს;

ნეიმარს მესამე 1 მლნ რეალიანი (დაახლოებით 208 000 დოლარი) ჯარიმა კანონის დარღვევით მოწყობილ ტბაში ცურვისთვის გამოუწერს;

ბოლო, მეოთხე ჯარიმა (10 000 რეალი, 2000 დოლარი) ნეიმარმა მწვანე ტერიტორიების ნებართვის გარეშე განადგურებისთვის მიიღო.

მოთამაშეს 20 დღე აქვს ჯარიმის გასაჩივრებისთვის.

ნეიმარმა 2016 წელს 10 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი იყიდა. ხელისუფლებამ ფეხბურთელის სასახლის მშენებლობის დროს გარემოსდაცვითი დარღვევები გამოავლინა. როგორც AFP იტყობინება ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით, მშენებლობა გარემოს დაცვაზე პასუხისმგებელი დეპარტამენტის ნებართვის გარეშე განხორციელდა. ინსპექციამ დაადგინა გარემოსდაცვითი დარღვევები, მათ მდინარიდან წყლის არასანქცირებული გადატანა, მიწის უნებართვო გათხრა და გადაადგილება, პლაჟის ქვიშის უნებართვოდ გამოყენება.

ნეიმარი 31 წლისაა და პარი სენ-ჟერმენში 2017 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში ფეხბურთელმა 29 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა ტერფის ტრავმის გამო თამაში ვადაზე ადრე მარტში დაასრულა.