ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია Anthropic უოლ-სტრიტზე გასასვლელად ემზადება. CNN-ის ინფორმაციით, კომპანია, რომელმაც Claude-ის ჩატბოტი შექმნა, ნოემბრის მეორე ნახევარში საფონდო ბირჟაზე შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პირველადი საჯარო შეთავაზებით (IPO) წარდგეს. ეს ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება და აჩვენებს, შეძლებს თუ არა კომპანია უსაფრთხოებაზე ორიენტირებული მისიის შენარჩუნებას საჯარო კომპანიის ფინანსური ვალდებულებების პირობებში.
Anthropic-ის კორპორაციული სტრუქტურა განსხვავდება ტრადიციული საჯარო კომპანიებისგან. ის რეგისტრირებულია როგორც საზოგადოებრივი სარგებლის კორპორაცია (Public Benefit Corporation), რაც გულისხმობს, რომ აქციონერთა ფინანსურ ინტერესებთან ერთად კომპანიამ საკუთარი მისია და საზოგადოების ინტერესებიც უნდა გაითვალისწინოს. ამასთან, კომპანიის დამფუძნებლები ხმის უფლების 50.1%-ს ფლობენ, რაც მათ საქმიანობაზე კონტროლის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს.
კომპანიაში მოქმედებს ასევე სპეციალური ორგანო — გრძელვადიანი სარგებლის ტრასტი (Long-Term Benefit Trust), რომლის წევრებსაც კომპანიის შვიდკაციან დირექტორთა საბჭოში ოთხი დირექტორის დანიშვნის უფლება აქვთ. ტრასტის წევრები კომპანიის აქციებში ფინანსურ წილს არ ფლობენ, რაც მათი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ემსახურება.
თუმცა საფონდო ბირჟაზე გასვლა Anthropic-ისთვის ახალ გამოწვევებს შექმნის. საჯარო კომპანიებს ინვესტორებისგან მოგებისა და ზრდის შედეგების მუდმივი მოლოდინი აქვთ, რაც შესაძლოა უსაფრთხოების მიმართულებით მსხვილი ინვესტიციების განხორციელებასთან წინააღმდეგობაში მოვიდეს. ფინანსური ანალიტიკოსების შეფასებით, Anthropic-ის მმართველობის მოდელის მდგრადობა განსაკუთრებით მაშინ გამოიცდება, თუ კომპანიის ფინანსური შედეგები მოლოდინს ვერ გაამართლებს ან დამფუძნებლებს, დირექტორთა საბჭოსა და ინვესტორებს შორის უთანხმოება წარმოიქმნება.