მსოფლიოში ოქროს ექსპორტს ძირითადად რამდენიმე ქვეყანა ახორციელებს. 2025 წლის მონაცემებით, ხუთმა უმსხვილესმა ექსპორტიორმა — შვეიცარიამ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და ჰონკონგმა მსოფლიო ექსპორტის ღირებულების 59.2% განახორციელა.
World's Top Exports-ის მონაცემებით, 2025 წელს მსოფლიოში ოქროს ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ 936.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს 2024 წლის მაჩვენებელს 45.6%-ით აღემატება, ხოლო 2021 წელთან შედარებით ზრდა 128.7%-ია.
ყველაზე დიდი ექსპორტიორი შვეიცარიაა. გასულ წელს ქვეყანამ 196.8 მილიარდი დოლარის ოქრო გაიტანა, რაც გლობალური ექსპორტის დაახლოებით 21%-ს შეადგენს. შვეიცარიის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 69.1%-ით გაიზარდა.
მეორე ადგილზე არაბთა გაერთიანებული საამიროებია, 113.6 მილიარდი დოლარის ექსპორტითა და მსოფლიო ბაზრის 12.1%-იანი წილით. მესამე პოზიციას დიდი ბრიტანეთი იკავებს — 83 მილიარდი დოლარით.
მეოთხე და მეხუთე ადგილებზე აშშ და ჰონგ-კონგი არიან, რომელთა ექსპორტის ღირებულებამ, შესაბამისად, 80.6 და 80.4 მილიარდი დოლარი შეადგინა.
შვეიცარიის ლიდერობა შემთხვევითი არ არის. ქვეყანა ოქროს გადამუშავებისა და საერთაშორისო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრია. შესაბამისად, მისი ექსპორტის მაჩვენებელი მხოლოდ ქვეყანაში მოპოვებულ ოქროს არ მოიცავს — მნიშვნელოვანი ნაწილია სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული და შვეიცარიაში გადამუშავებული ოქრო.
აღსანიშნავია აშშ-ის მაჩვენებელიც: 2025 წელს მისი ოქროს ექსპორტის ღირებულება წინა წელთან შედარებით 171.5%-ით გაიზარდა, რაც ხუთეულში ყველაზე მაღალი ზრდაა.