Adidas-მა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა მას შემდეგ, რაც გასულ შემოდგომაზე გაწყვიტა ხელშეკრულება რეპერ კანიე უესტთან. ამის შესახებ Forbes იტყობინება კომპანიის მონაცემებზე და adidas-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბიორნ გულდენის კომენტარზე დაყრდნობით.

adidas-ის ანგარიშის მიხედვით, რომელიც არაერთხელ ახსენებს Yeezy-ს „ცუდ გავლენას“, რეპერის ბრენდის სპორტული ფეხსაცმლის გაყიდვის დასრულებამ უკვე გამოიწვია კომპანიის მთლიანი გაყიდვების 441 მილიონი დოლარით კლება. 

„2023 წელს Adidas-მა შესაძლოა 771 მილიონი დოლარი დაკარგოს კანიე უესტთან კონტრაქტის გაწყვეტის გამო“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

კომპანია Adidas-მა ამერიკელ რეპერ კანიე უესტთან პარტნიორობის გაწყვეტის შესახებ გასული წლის ოქტომბერში განაცხადა, ამის მიზეზი უესტის ანტისემიტური განცხადებები გახდა. Adidas-ი უესტთან ერთად ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ხაზს Yeezy უშვებდა.