კანადის მიერ ამერიკულ საქონელზე დაწესებული ახალი ტარიფები ძალაში დღეიდან შევიდა. მედიის ცნობით, ოტავას მიერ აშშ-ის იმპორტზე დაწესებული დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ოდენობის ახალი ტარიფები ოფიციალურად ამოქმედდა.

როგორც ცნობილია, ტარიფები ვრცელდება ამერიკული საქონლის ფართო სპექტრზე, მათ შორის ტანსაცმელზე, ყველზე, ლითონის ნაწილებსა და ხის პროდუქტებზე.

„ეს მიდგომა გამიზნულია, როგორც პასუხი იმ ტარიფების შეზღუდვებზე, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დააწესა კანადაზე მას შემდეგ, რაც ორ მეზობელ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები გასულ თვეში ორმხრივი ბრალდებებითა და წარუმატებლობით დასრულდა“, – წერს „ნიუ-იორკ თაიმსი“.

გამოცემის ცნობით, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი ცდილობს, თავი წარმოაჩინოს, როგორც „საიმედო ბასტიონი“ ტრამპის სავაჭრო აგრესიის წინააღმდეგ. ამასთან, კანადის ოფიციალურმა პირებმა პირობა დადეს, რომ აშშ-ის ნებისმიერ სატარიფო შეზღუდვას უპასუხებდნენ.

იქამდე კი, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანადაში დაფუძნებულ, ძვირადღირებული კერძო თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანია Bombardier-ს შეერთებულ შტატებში თვითმფრინავების გაყიდვის უფლება აღარ ექნება.

1tv.ge