კანადამ და მექსიკამ, შში-ის მხრიდან მათთვის დაწესებული ტარიფების პასუხად, აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფების დააწესეს, - ინფორმაციას Fox Business-ი ავრცელებს.
კანადა აშშ-ს საპასუხო 25-პროცენტიან ტარიფებს უწესებს. კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, 25-პროცენტიანი ტარიფები დაწესდება 155 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ამერიკული საქონლის წინააღმდეგ, მათ შორის 30 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ტარიფები 4 თებერვლიდან ამოქმედდება, დანარჩენი 125 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ტარიფები კი შემდეგ 21 დღეში.
ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებს უარყოფითი გავლენა ექნება როგორც კანადაზე, ასევე აშშ-ზეც.
„ამერიკული ტარიფების მსგავსად, ჩვენი პასუხი ასევე შორს მიმავალი იქნება და მოიცავს ყოველდღიურ ნივთებს, როგორიცაა ამერიკული ლუდი, ღვინო და ბურბონი. ხილი და ხილის წვენები ფორთოხლის წვენის ჩათვლით, ბოსტნეულთან ერთად, სუნამოები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მასში შედის სამომხმარებლო პროდუქტები, როგორიცაა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, სპორტული აღჭურვილობა, მასალები, ხე და პლასტმასები, ასევე ბევრად მეტი რამ. როგორც უკვე ვთქვი, თუ პრეზიდენტ ტრამპს სურს შეერთებული შტატების ახალი ოქროს ხანა, უკეთესი გზაა პარტნიორობა კანადასთან, და არა ჩვენი დასჯა“, – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.
რაც შეეხება მექსიკას, აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფები გამოაცხადა კლაუდია შინბაუმმაც, მექსიკის პრეზიდენტმაც. მისი განცხადებით, მისი მთავრობა ცდილობდა დიალოგს, ვიდრე ჩრდილოეთით მის მთავარ სავაჭრო პარტნიორთან დაპირისპირებას, მაგრამ მექსიკა იძულებული გახდა რეაგირება მოეხდინა.
მექსიკის პრეზიდენტი ამ დროისთვის არ აკონკრეტებს, რომელ პროდუქციას შეეხება მექსიკის ტარიფები.
„მე დავავალე ჩემს ეკონომიკის მინისტრს, განახორციელოს "გეგმა ბე", რომელზეც ჩვენ ვმუშაობდით, რაც მოიცავს მექსიკის ინტერესების დასაცავად სატარიფო და უტარიფო ზომებს“, – განაცხადა კლაუდია შეინბაუმმა.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატები მექსიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო ბაზარია, ხოლო 2023 წელს მექსიკას ჩინეთი გადაუსწრო, როგორც აშშ-ის ექსპორტის მთავარი დანიშნულების ადგილი.
„როიტერის“ ინფორმაციით, მექსიკა ამზადებს საპასუხო 5 პროცენტიდან 20 პროცენტამდე ტარიფებს აშშ-დან იმპორტირებულ ღორის ხორცზე, ყველზე, ფოლადზე და ალუმინზე, ავტო ინდუსტრია კი პირველ ეტაპზე ტარიფებისგან თავისუფალი იქნება.
მექსიკის ეკონომიკის მინისტრმა, მარსელო ებრარდმა განაცხადა, რომ ტრამპის ტარიფები არის აშშ-მექსიკა-კანადის ხელშეკრულების „უხეში დარღვევა“.
აშშ-ის ექსპორტმა მექსიკაში 2023 წელს 322 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო აშშ-მა შეიტანა 475 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების მექსიკური პროდუქტი. მექსიკის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის მესამედი პირდაპირ დამოკიდებულია შეერთებულ შტატებში ექსპორტზე. მექსიკური ექსპორტი შეიძლება, დაეცეს დაახლოებით 12 პროცენტით. ამით, მექსიკის მშპ შეიძლება 4 პროცენტით შემცირდეს 2025 წელს, თუ ტარიფი შენარჩუნებული იქნება მთელი წლის განმავლობაში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადისთვის, მექსიკისთვის და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
განკარგულების თანახმად, 25-პროცენტიან ტარიფები დაწესდა კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე და 10-პროცენტიან ტარიფები ჩინეთიდან შესულ პროდუქციაზე. ამასთან, კანადიდან ენერგორესურსების იმპორტზე იმოქმედებს 10-პროცენტიანი ტარიფი.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მექსიკის წინააღმდეგ ტარიფები გამოწვეულია იმით, რომ ის ვერ აჩერებს ფენტანილის შესვლას შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც უკონტროლო მიგრაციის გამო.
თეთრი სახლის განცხადებით, „ეს ტარიფები აუცილებელია, რათა ჩინეთი, მექსიკა და კანადა ანგარიშვალდებულნი გახადონ მათ დაპირებებზე, შეაჩერონ მომწამვლელი ნარკოტიკის ნაკადი აშშ-ში“.