აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ 1 თებერვალს ქვეყანაში მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ საქონელს 25%-იან სასაზღვრო ტარიფს დაუწესებს.
ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ ოფისში რეპორტიორებთან საუბრისას თქვა.
ტრამპმა ასევე დაამატა, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ტარიფები ამ ქვეყენიდან შესულ ნავთობს შეეხება თუ არა. მისივე თქმით, ეს ნაწილობრივ დამოკიდებული იქნება ფასებსა და იმაზე, მეზობლები აშშ-ს "სათანადოდ მოეპყრობიან" თუ არა.
"ჩვენ შესაძლოა ან შესაძლოა არ [გავაკეთოთ ეს]. ამას სავარაუდოდ დღეს საღამოს განვსაზღვრავთ". - თქვა ტრამპმა კანადურ და მექსიკურ ნავთობზე ტარიფების დაწესების შესახებ.
ტრამპის თქმით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს, მეზობლებთან სავაჭრო დეფიციტისა და აშშ-ს საზღვარზე შემავალი დიდი რაოდენობით უკანონო მიგრანტებისა და ფენტანილის პრობლემები გადაჭრას.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე მიუთითა, რომ ადმინისტრაცია ჩინეთისთვის ახალი ტარიფების დაწესებას გეგმავს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
"ჩინეთის შემთხვევაში ასევე ვფიქრობ რაღაცაზე, რადგან ჩვენს ქვეყანაში ფენტანილს აგზავნიან და ამიტომ ასი ათასობით სიკვდილს იწვევენ. ამიტომ, ჩინეთს ამისთვის ტარიფის გადახდა მოუწევს და ამის კეთების პროცესში ვართ. [...] ჩვენ განვსაზღვრავთ, რა იქნება ეს, მაგრამ ჩინეთმა ჩვენს ქვეყანაში ფენტანილის შემოტანა და ჩვენი ხალხის ხოცვა უნდა შეწყვიტოს". - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა ბოლო პერიოდში სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების მუქარის ხშირი გამოყენება დაიწყო, რისი პირველი სამიზნეც კანადა და მექსიკა გახდნენ. ტრამპმა გამოაცხადა, რომ 1-ელი თებერვლიდან მეზობელი ორი ქვეყნის წინააღმდეგ 25%-იან ტარიფს დააწესებს, არალეგალური იმიგრაციისა და საზღვარზე ნარკოტიკების კონტრაბანდის გადატანის მხრივ არსებული პრობლემების გამო.
გარდა ამისა, ტრამპი BRICS-ის ქვეყნებს 100%-იანი სანქციებით დამუქრებია იმ შემთხვევაში, თუ ისინი დოლარის ჩანაცვლებას შეეცდებიან. ამის შესახებ მან განცხადება 30 იანვარსაც გააკეთა.
ტარიფების მუქარა აშშ-ს პრეზიდენტმა ჩინეთის წინააღმდეგაც გამოიყენა, რადგან იგი მიიჩნევს, რომ აშშ-ში ფენტანილის კონტრაბანდის აღკვეთის მხრივ ჩინეთი საკმარის ძალისხმევას არ დებს. ტრამპი ტარიფებით დაემუქრა დანიასაც, თუ მისი მთავრობა აშშ-სთვის გრენლანდიის დათმობაზე არ დათანხმდებოდა.
მან ასევე ტარიფების მუქარას მიმართა კოლუმბიის წინააღმდეგაც, როდესაც პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ უარი თქვა აშშ-დან გაგზავნილი ორი სამხედრო თვითმფრინავის მიღებაზე, რომელშიც დეპორტირებული მიგრანტები იმყოფებოდნენ.
პეტროს მიერ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ტრამპმა ყველა კოლუმბიურ პროდუქტზე საგანგებო 25%-იანი ტარიფის დაწესების ბრძანება გასცა, ხოლო ქვეყნის მთავრობის წევრების, ასევე მათი მხარდამჭერებისა და ოჯახების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები დააწესა. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გააუქმა, რაც ორივე მხარე კოლუმბიელი მიგრანტების აშშ-დან დეპორტაციის პროცესზე შეთანხმდა.