საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 2 სექტემბერს განაცხადა, რომ EU რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 1 600 პირისა და ორგანიზაციის სანქცირებულთა სიაში შესაძლო დამატებაზე მუშაობს.

"რუსეთის სამხედრო კომპლექსისთვის უკვე მზადების პროცესში გვაქვს 1 600 სასანქციო ჩანაწერი და შესაძლოა, ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს." – თქვა კალასმა ირლანდიაში EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე.

მისი თქმით, ამ საკითხს მინისტრები გიმნიჩში მიმდინარე შეხვედრაზე განიხილავენ. თუმცა, შეხვედრის არაფორმალური ხასიათის გამო, მინისტრები სანქციების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

ამას გარდა, კალასი ლაიფციგის აეროპორტზე თავდასხმის მცდელობასაც გამოეხმაურა, რომელზეც პასუხისმგებლობა გერმანიამ რუსეთს დააკისრა. მისი შეფასებით, მომხდარს "სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტერორიზმის ყველა ნიშანი აქვს".

კალასის თქმით, EU-მ და რამდენიმე წევრმა ქვეყანამ რუსეთის ელჩები უკვე დაიბარეს, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ, თუ კიდევ რა ზომების მიღება შეუძლიათ მოსკოვის წინააღმდეგ.

ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს გერმანიის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში დრონებთან დაკავშირებულ ინციდენტზე პასუხისმგებელი რუსეთია და საპასუხო ზომები გამოაცხადა.

მოგვიანებით გერმანიის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა გამოეხმაურე და დაიმუქრა, რომ გერმანია "ღირსეულ პასუხს" მიიღებს ბერლინში "რუსული სახლის" საქმიანობის შესახებ შეთანხმების გაუქმებისა და ბონში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილებისთვის.

ამასთან, მინისტრები უკრაინაში რუსეთის თავდასხმების გაძლიერებასაც განიხილავენ. კალასის თქმით, EU-მ და მისმა პარტნიორებმა უნდა შეათანხმონ, როგორ გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე, რათა მოსკოვმა ომი დაასრულოს.

tabula.ge