უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტორსადგურის აფეთქების შედეგად ზიანმა 1.2 მილიარდი ევრო შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გარემოს სამინისტრო ავრცელებს.

უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის მიერ 19 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ ასობით მოსახლე დაიღუპა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უარი თქვეს იმ პირების ევაკუაციაზე, ვისაც რუსული პასპორტი არ ჰქონდა.

წინასწარი მონაცემებით, კახოვკის ჰიდროელექტორსადგურის აფეთქების შედეგად სამხრეთ ხერსონის ქალაქ ოლეშკში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს.