გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსი, აუგუსტ ჰანინგი, რომელიც ჯაშუშობისა და სახელმწიფო საიდუმლოებების გამჟღავნების ბრალდებით დააკავეს, სავარაუდოდ, ჩინელ სამხედრო ჩინოვნიკს დაუკავშირდა და კონფიდენციალური ინფორმაცია გადასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას „შპიგელი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჰანინგს ბრალი ედება 2010 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში თითქმის 2 000 შიდა დოკუმენტის მოპოვებასა და გავრცელებაში, რაშიც დახმარებას უწევდა მისი ყოფილი შტაბის უფროსი, 64 წლის მანფრედ დანკესრაიტერი.
როგორც ცნობილია, სავარაუდოდ, მან დოკუმენტების ნაწილი გამოიყენა უცხოური დაზვერვის სამსახურის თანამშრომლისთვის ანალიტიკური მასალის მოსამზადებლად.
გერმანიის გენერალურმა პროკურატურაში ასევე განაცხადეს, რომ ჰანინგი „მჭიდრო კონტაქტში“ იმყოფებოდა სხვა უცხოური დაზვერვის სამსახურის თანამშრომელთან და რამდენიმე წლის განმავლობაში მას „მგრძნობიარე პოლიტიკურ“ ინფორმაციას აწვდიდა.
„შპიგელის“ ცნობით, ეს თანამშრომელი ვანგ ციანჟენი იყო, ჩინეთის არმიის პენსიაზე გასული გენერალ-მაიორი, რომელმაც 23 წელი გაატარა სამხედრო დიპლომატის რანგში გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში.
ვანგი პირველად აღმოსავლეთ ბერლინში გაგზავნეს 1987 წლიდან 1990 წლამდე, სოციალისტური გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, და გერმანიის გაერთიანების შემდეგ იქ ორჯერ დაბრუნდა, ბოლოს 2009 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში. ამჟამად ის გერმანიის საქმეებში პეკინის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ექსპერტად ითვლება და აგრძელებს მუშაობას ჩინეთის საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში, რომელიც ჩინეთის სამხედროების ეგიდით მოქმედი მთავრობის მიერ მართულ ანალიტიკურ ცენტრს წარმოადგენს.
ცნობისთვის, გერმანული გამოცემის გამოძიების თანახმად, დაზვერვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა უკანონოდ მოიპოვა 2 000-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი და ეს მონაცემები უცხოელ აგენტთან კომუნიკაციისას გამოიყენა. „შპიგელის“ გამოძიების თანახმად, კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების შემდეგ ის, სავარაუდოდ, აზერბაიჯანში მყოფ საკონტაქტო პირს გადაეცა. „შპიგელის“ ცნობით, სავარაუდო კლიენტი აზერბაიჯანელი დაზვერვის ოფიცერი იყო. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ივლისიდან ჰანინგი გერმანულ-აზერბაიჯანული ფორუმის საბჭოს წევრია. BND-ის ყოფილ ხელმძღვანელს ექვსი თვიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ამასთან, აზერბაიჯანში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა გერმანიის დაზვერვის ყოფილმა უფროსმა კონფიდენციალური ინფორმაცია აზერბაიჯანში მყოფ აგენტს გადასცა.