ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ე.წ. მაიმუნის ყვავილთან ბრძოლის გეგმა გამოაქვეყნა. გეგმა პირველ ეტაპზე, რომელიც 6 თვეს მოიცავს, 135 მილიონი დოლარის დაფინანსებას გულისხმობს.

6-თვიანი პერიოდი 2024 წლის სექტემბრიდან იწყება და 2025 წლის თებერვალს მოიცავს. დაფინანსების მიზანია ჯანმოს და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან რეაგირების უზრუნველყოფა.

ფინანსური სახსრების მოზიდვის მიზნით მსოფლიო საზოგადოებისადმი მიმართვას ორგანიზაცია უახლოეს პერიოდში გეგმავს.

დოკუმენტი ითვალისწინებს ეპიდზედამხედველობის კომპლექსური სტრატეგიებისა და პროფილაქტიკური ზომების რეალიზაციას, საფრთხეებზე რეაგირებას, კვლევებსა და სამედიცინო მასალებით მომარაგებას. მათ შორის საუბარია დიაგნოსტიკურ ტესტებსა და ვაქცინებზე. ვაქცინაცია მიმართული იქნება ყველაზე მაღალი რისკის მქონე პირებისკენ. ასეთები არიან, მაგალითად, ადამიანები, რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულებთან, ასევე სამედიცინო სფეროში მომუშავე პროფესიონალები. 

jandacva.ge