ცდილობს თუ არა ირანი ატომური ბომბის შექმნას? ეს საკითხი, რომელიც ისრაელისა და ამერიკის საჰაერო დარტყმების საფუძველი გახდა, დასავლეთის უმაღლეს სახელისუფლებო ეშელონებში ათწლეულების განმავლობაში აწუხებთ. ამ კითხვაზე თეირანი უარყოფით პასუხს იძლევა და აცხადებს, რომ მას ასეთი ამბიცია არ გააჩნია.
„სტრუქტურირებული პროგრამა“
ირანის ბირთვულ პროგრამას საფუძველი ჯერ კიდევ XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს ჩაეყარა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ირანის მაშინდელ ლიდერთან, მოჰამედ რეზა ფეჰლევისთან სამოქალაქო თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა.
1970 წელს ირანმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების (NPT) რატიფიცირება მოახდინა, რომელიც ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, ბირთვული მასალების ქონის შესახებ განაცხადოს და ისინი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) კონტროლს დაუქვემდებაროს.
მიუხედავად ამისა, 2000-იანი წლების დასაწყისში საიდუმლო ბირთვული ობიექტების შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა მსოფლიო საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. 2011 წელს გაერო-მ გააკეთა განცხადება „სარწმუნო ინფორმაციის“ შესახებ, რომ 2003 წლამდე ირანი, „სტრუქტურირებული პროგრამის“ ფარგლებში, ახორციელებდა საქმიანობას, რომელიც ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის შემუშავებას უკავშირდებოდა.
ნაკუწებად ქცეული ისტორიული პაქტი
12-წლიანი კრიზისისა და 21-თვიანი ხისტი მოლაპარაკებების შემდეგ, 2015 წლის 14 ივლისს ვენაში გაფორმდა ისტორიული შეთანხმება ირანს, და გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს (ჩინეთი, აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი) და გერმანიას შორის.
პაქტი, რომელიც ცნობილია აკრონიმით JCPOA („ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა“), ძალაში 2016 წლის დასაწყისში შევიდა და ირანელებს უზარმაზარი იმედი მისცა, რომ მათი ქვეყანა იზოლაციიდან გამოვიდოდა.
ის თეირანს, ბირთვული პროგრამის მკვეთრი შეზღუდვის სანაცვლოდ, საერთაშორისო სანქციებისგან გათავისუფლებას სთავაზობდა.
თუმცა, ზეიმი ნაადრევი გამოდგა: 2018 წელს დონალდ ტრამპმა შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
ეს გადაწყვეტილება ხართან ბრძოლაში წითელი ნაჭრის აფრიალებას ჰგავს და ბირთვული ვალდებულებებიდან ირანის თანდათანობით უკან დახევას იწვევს“, - აცხადებს „ფრანს პრეთან“ საუბარში ირანული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (Rasanah) მკვლევარი, კლემენტ ტერმე.
„ამის საპასუხოდ, ქვეყანამ „ერთი ერთზე ბრძოლის“ სტრატეგია აირჩია, რაც მიზნად ისახავს სხვა სახელმწიფოებზე ზეწოლის მოხდენას, რათა მას სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარონ და ამის სანაცვლოდ, ზღაპრულად მაღალი ეკონომიკური სარგებელი მიიღონ“, - განმარტავს ის.
ნათანზისა და ფორდოს ბირთვულ ობიექტებზე, რომლებზეც ამერიკული თავდასხმა კვირას განხორციელდა, ირანი ურანის გამდიდრების მაჩვენებელს აჭარბებს, რომლის ნორმადაც 3.67%-ია დადგენილი და მას თანდათანობით ზრდის: ჯერ 5%-მდე, შემდეგ (2021 წელს) 20%-მდე და ბოლოს 60%-მდე, რაც ატომური ბომბის ასაწყობად საჭირო 90%-იან ზღვარს უახლოვდება.
ის ასევე არღვევს რაოდენობრივ ზღვარს, რომელიც202.8 კილოგრამს შეადგენს. მისი ამჟამინდელი მთლიანი რეზერვები ამ მაჩვენებელს 45-ჯერ აღემატება.
2022 წლის ზაფხულში ვენაში გამართული მოლაპარაკებები JCPOA-ს ხელახლა ამოქმედების შესახებ ჩაიშალა და IAEA-სთან თანამშრომლობაც გაუარესდა.
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ, ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები, ომანის სასულთნოს შუამავლობით, აპრილში განახლდა.
მაგრამ სანამ მილიარდერი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ „საკმაოდ ახლოს იყო კარგ შეთანხმებასთან“ და მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდის გამართვა იგეგმებოდა, 13 ივნისს ისრაელმა თავის მთავარ მტერს დაარტყა და ასობით სამხედრო და ბირთვული ობიექტი დაბომბა.
„არანაირი მინიშნება“
ირანული ბირთვული პროგრამის მზარდი წინსვლის გამო, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მაისის ბოლოს გამოქვეყნებულ ანგარიშში „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა.
გაერო-ს ცნობით, ირანი არის ერთადერთი არაბირთვული სახელმწიფო, რომელიც ურანს 60%-მდე ამდიდრებს: თეორიულად, მას აქვს მარაგები, რომელთა საშუალებითაც ცხრა ბომბზე მეტის წარმოებაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის ცოდნა, ბოლო დღეებში განხორციელებული დაბომბვების შედეგად, განადგურდა თუ არა ეს მარაგი.
თუმცა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ ბირთვული იარაღის წარმოების „სისტემური პროგრამის“ არსებობის შესახებ მას „არანაირი დამადასტურებელი მინიშნება“ არ გააჩნია.
ირანი ასეთი მიზნების ქონას ყოველთვის უარყოფდა და რეგულარულად ახსენებდა ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიერ გამოცემულ ფატვას (რელიგიურ განკარგულებას), რომელიც ბირთვული იარაღის შექმნას კრძალავს.
თუმცა, ბოლო წლებში, რამდენიმე ოფიციალურმა პირმა, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბულობის ფონზე, ასეთი შემაკავებელი ფაქტორის საჭიროება საჯაროდ დააყენა ეჭვქვეშ.
შეერთებულმა შტატებმა, ირანზე თავდასხმისას, 20-ზე მეტი რაკეტა და 14 აქამდე გამოუყენებელი შეღწევადი ბომბი გამოიყენა, რათა თეირანის ბირთვული პროგრამა და მისი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა გაენადგურებინა. თუმცა, რეალური ზიანის მოცულობა და მასშტაბები გაურკვეველია.
ირანის ისპაჰანის ბირთვული ობიექტის სატელიტური ხედი, 2025 წლის 16 და 22 ივნისს - ამერიკის საჰაერო თავდასხმებამდე და მის შემდეგSATELLITE IMAGE MAXAR TECHNOLOGIES / AFP
ზიანმა, რომელიც კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებზე ძლივს შესამჩნევია, ვაშინგტონის განცხადებით, ირანის ბირთვული პროგრამა „გაანადგურა“. 22 ივნისს გამოქვეყნებულ ახალ სატელიტური სურათებზე შაბათს ღამით აშშ-ს საჰაერო თავდასხმების შედეგად ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიყენებული ზიანია აღბეჭდილი.
ამერიკული კომპანია „მაქსარის“ მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე განსაკუთრებით თვალსაჩინო ზიანი ისპაჰანის ობიექტზე იკვეთება, რომელიც დონალდ ტრამპის „შუაღამის ჩაქუჩის“ ოპერაციის სამიზნე სამი ირანული ბირთვული გამდიდრების ობიექტიდან ერთ-ერთია. შეერთებულმა შტატებმა ამერიკული წყალქვეშა ნავიდან მისი მიმართულებით ორი ათეულზე მეტი „ტომაჰავკის“ ტიპის სახმელეთო თავდასხმის ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. 16 ივნისსა და 22 ივნისს ამ ობიექტზე გადაღებულ ფოტოებს შორის განსხვავებები თვალშისაცემია.
ორ სხვა სამიზნე ბირთვულ ობიექტზე მხოლოდ მცირე ზიანი იმიტომ შეიმჩნევა, რომ, მათ შემთხვევაში, სამიზნეების განადგურება, ძირითადად, მიწისქვეშ მოხდა: ფორდოსა და ნათანზის კომპლექსები, ჯამში, 14 ერთეული GBU-57 ბომბის სამიზნედ იქცა, რომლებსაც აფეთქებამდე მძლავრი ბუნკერის დანგრევა და 60 მეტრამდე სიღრმეში შეღწევა შეუძლიათ. მაგალითად, 15-დან 22 ივნისამდე, ნათანზის ობიექტზე, მხოლოდ მცირე დაზიანებები იყო შესამჩნევი...
... მაგრამ სურათის ცენტრში მასშტაბის გადიდებისას ჩანს GBU-57 ბომბებით გათხრილი ხვრელი აფეთქების მომენტში და აფეთქებამდე.
ღრმად შეღწევადი ამერიკული ბომბების დარტყმის ქვეშ ფორდოს მიწისქვეშა ბირთვული ობიექტიც აღმოჩნდა. „ირანის ბირთვულ ცენტრებზე ზემოქმედების აშკარა ნიშნები არსებობს“, - განუცხადა CNN-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორმა, რაფაელ გროსიმ.
თუმცა, ამერიკული თავდასხმით გამოწვეული რეალური ზიანის მასშტაბები გაურკვეველია. „რაც შეეხება მიწისქვეშა დაზიანების ხარისხის შეფასებას, ჩვენ ვერაფერს ვიტყვით: ის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, საკმაოდ დიდი. მაგრამ ვერავინ, ვერც ჩვენ და ვერც სხვა [ამ მომენტში] ზიანის ხარისხზე ვერაფერს იტყვის“, - დასძინა გროსიმ და იმედი გამოთქვა, რომ IAEA-ს ინსპექტორები „ობიექტზე დაბრუნებას მალე შეძლებენ“.
თეირანმა დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპის განკარგულებით განხორციელებულმა თავდასხმამ დაზიანებები გამოიწვია (მათი მასშტაბის დაკონკრეტების გარეშე), მაგრამ რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვა არ დაფიქსირებულა. ირანის უმაღლესი ლიდერის, ალი ხამენეის მრჩეველმა „იქს“ პლატფორმაზე დაწერა, რომ „ბირთვული ობიექტების განადგურების შემთხვევაშიც კი, თამაში დასრულებული არ არის - გამდიდრებული მასალები, საქმის ცოდნა და პოლიტიკური ნება შენარჩუნებულია“.
წყარო: 1 არხი