ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის გახსნაზე შეთანხმდნენ.
არაბული მედია „ალ-ჰადათი“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმება, რომელიც შესაძლოა, რამდენიმე დღეში გამოცხადდეს, ახლა ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული შეთანხმება 60 დღის განმავლობაში იმოქმედებს. წყაროს ცნობით, ჰორმუზის სრუტეში შესული გემები ირანთან ყველაზე ახლოს მდებარე საზღვაო ზოლს გამოიყენებენ, ხოლო სრუტიდან გამოსული გემები – ომანის სასულთნოსთან ყველაზე ახლოს მდებარე საზღვაო ზოლს.
ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული შემოთავაზებული შეთანხმება არ მოიცავს მასში გამავალი გემებისთვის სატრანზიტო გადასახადის ან მომსახურების საფასურის დაწესებას. წყარომ განაცხადა, რომ რეგიონულმა ძალებმა, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღონ სრუტის განაღმვასა და ნავიგაციის გასაადვილებლად აუცილებელ ტექნიკურ პროცედურებში.