საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) ინეს როჩა ევროპაში ახალ რეგიონულ დირექტორად დანიშნა. ის ვენის ოფისში იმუშავებს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კერძო სექტორში ინვესტიციების ზრდის და სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მწვანე ეკონომიკის ზრდას, ციფრულ ტექნოლოგიებს, ფინანსურ ჩართულობას და IFC-ის საპასუხო ღონისძიებებს  უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიმართ. ის ასევე უხელმძღვანელებს IFC-ის საქმიანობას დასავლეთ ევროპაში კაპიტალის და ცოდნის მობილიზაციის მიზნით, განვითარებად ბაზრებზე მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად.

ინეს როჩა პორტუგალიისა და ბრიტანეთის მოქალაქეა. ფინანსების სფეროში მისი გამოცდილება 20 წელზე მეტს ითვლის. ბოლო პერიოდში ის ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკში (EBRD) მუშაობდა. მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა საფინანსო ინსტიტუტებს, კერძოდ ევროკავშირის ქვეყნების ბანკებს და სტრუქტურიზებულ დაფინანსებას, ასევე მცირე ბიზნესის მხარდაჭერას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. 

ინეს როჩა, როგორც პარტნიორობის მიმართულების ხელმძღვანელი, აქტიურად მონაწილეობდა EBRD-ის საპასუხო ღონისძიებებში უკრაინაში. მან უკრაინის ეკონომიკისა და კერძო სექტორისთვის  ძირითადი აქციონერებისგან და დონორებისგან რეკორდული თანხის მობილიზება შეძლო. ამ პოზიციაზე  ის მჭიდროდ თანამშრომლობდა განვითარების სფეროში ჩართულ საფინანსო ინსტიტუტებთან და ბანკებთან, მათ შორის მსოფლიო ბანკთან, მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოსთან (MIGA) და IFC-სთან.  წარსულში  ის ასევე მოღვაწეობდა UBS საინვესტიციო ბანკში და პორტუგალიის ცენტრალურ ბანკში.

„ინესი, თავისი მდიდარი გამოცდილებით, გამორჩეულად კარგი კანდიდატია ამ როლის შესასრულებლად, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ IFC განაგრძობს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგებზე რეაგირებას. დარწმუნებული ვარ, რომ ის შეძლებს IFC-ის პროგრამის ახალ სიმაღლეებზე აყვანას, მწვანე, მდგრადი და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას და დასავლეთ ევროპისგან გაცილებით მეტი ინვესტიციის მოზიდვას განვითარებადი ბაზრებისთვის,"  განაცხადა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონში ალფონსო გარსია მორამ.

რეგიონული დირექტორის პოზიციაზე ინეს როჩა დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში IFC-ის გუნდებს უხელმძღვანელებს და კლიენტებთან, მთავრობებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობების მართვას გაუძღვება. ის ასევე უზრუნველყოფს IFC-ის სტრატეგიის განხორციელებას რეგიონში მსოფლიო ბანკთან და მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოსთან (MIGA) მჭიდრო თანამშრომლობით. ინესი ასევე ხელს შეუწყობს IFC-ის საქმიანობას და ბისნესის განვითარების სხვადასხვა სექტორში.

ინეს როჩას მიღებული აქვს ლონდონის ეკონომიკის სკოლის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში.

IFC-ის შესახებ
IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ 100-ზე მეტ ქვეყანაში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, გამოცდილებასა, და გავლენას, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ბაზრების და შესაძლებლობების შესაქმნელად. 2023 საფინანსო წლის განმავლობაში, IFC-მ განვითარებადი ქვეყნების კერძო კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებში რეკორდული, 43.7 მილიარდი აშშ დოლარის  მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, კერძო სექტორის მიერ გადამწყვეტი როლის შესრულების ხელშესაწყობად უკიდურესი სიღარიბის დაძლევასა და საყოველთაო კეთილდღეობის ამაღლებაში, სხვადასხვა კრიზისების შედეგებთან ქვეყნების ბრძოლის პარალელურად. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: .