ფოლადის უმსხვილესი იაპონური მწარმოებელი Nippon Steel შეიძენს ამერიკულ US Steel-ს დაახლოებით 14,1 მილიარდ დოლარად. ამის შესახებ კომპანიების ერთობლივ პრესრელიზშია ნათქვამი. 

Nippon Steel გადაიხდის ნაღდ ფულს $55 ოდენობით US Steel-ის თითოეულ აქციაზე. ვალის ჩათვლით, გარიგება 14,9 მილიარდ დოლარად იქნება შეფასებული და სავარაუდოდ, 2024 წლის მესამე კვარტალში დასრულდება.

მედიის ცნობით, US Steel-ის შეძენით ადრე ასევე დაინტერესდნენ Cleveland-Cliffs, Esmark და ArcelorMittal.

US Steel ჩამოყალიბდა 1901 წელს ფინანსისტის ჯონ პირპონტ მორგანისა და ფოლადის მრეწველის ენდრიუ კარნეგის მონაწილეობით და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მე-20 საუკუნეში შეერთებული შტატების ინდუსტრიალიზაციაში. 

ის აღარ არის ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული კომპანია, მაგრამ რჩება ფოლადის ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელად. მისი ძირითადი კლიენტები არიან საავტომობილო კომპანიები, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და საკვების შეფუთვის მწარმოებლები.