ჰორმუზის სრუტის სიახლოვეს კონტეინერმზიდი და მშრალი ტვირთის გადამზიდავი გემი ჩაიძირა; ორივე მათგანი ჭურვების მოხვედრის შედეგად დაზიანდა - ინფორმაციას Reuters-ი საზღვაო სამსახურის ოფიციალურ პირებზე დაყრდობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, სრუტეში ნაოსნობისას ჩაიძირა სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი მცირე ზომის საკონტეინერო გემი GFS Pride-ი. „გემი GFS PRIDE დაზიანდა, ბორტზე ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ის ჩაიძირა. ეკიპაჟის ყველა, 21-ივე წევრი უსაფრთხოდ იქნა ევაკუირებული. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება“, - ნათქვამია სინგაპურის საზღვაო და პორტის ადმინისტრაციის (MPA განცხადებაში.

გარდა ამისა, გაეროს საზღვაო სააგენტოს - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მონაცემებით, სრუტის სიახლოვეს ჩაიძირა ანტიგუა და ბარბუდას დროშის ქვეშ მცურავი გემი Cape Dao. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც 23 სექტემბერს გემს ჭურვი მოხვდა. საზღვაო სფეროს წყაროების ცნობით, თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა, დანარჩენების ევაკუაცია კი შემთხვევისთანავე განხორციელდა.

ბოლო 10 დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ თავდასხმების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა; ირანი აცხადებს, რომ დარტყმებს აძლიერებს აშშ-ის მიერ მისი პორტების ბლოკირებისა და გასულ თვეში დაწესებული უფრო მკაცრი სანქციების საპასუხოდ.

ipn.ge