ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, „ჰამასის“ პოლიციის პერსონალი თავს შეიკავებს იარაღის ტარებისგან, ხოლო კატარი და ეგვიპტე პოტენციური კონფლიქტების ასაცილებლად შუამავლებად იმოქმედებენ, – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, პალესტინელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც მონაწილეობდა დოჰას მოლაპარაკებებში, ჟურნალისტს გაუზიარა დეტალები უსაფრთხოების პროტოკოლის შესახებ, რომელიც შეთანხმებულია ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ფარგლებში.

ამ შეთანხმების თანახმად, ისრაელი ნებას დართავს „ჰამასის“ პოლიციას, იმოქმედოს თავიანთ ოფიციალურ ლურჯ უნიფორმებში ღაზის სექტორის განსაზღვრულ ტერიტორიებზე.

მაღალჩინოსნის თქმით, „ჰამასის“ პოლიცია გააკონტროლებს ლტოლვილების გადაადგილებას ღაზის სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, ასევე თავს აარიდებს ისრაელის ძალებთან სიახლოვეს მისვლას, რომლებიც განლაგდებიან ღაზის სექტორის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ საზღვრებზე.

ამასთან, შეთანხმების მიხედვით, „ჰამასის“ პოლიციის პერსონალი თავს შეიკავებს იარაღის ტარებისგან, გარდა აბსოლუტურად აუცილებელი შემთხვევებისა, ხოლო კატარი და ეგვიპტე იმოქმედებენ შუამავლებად ორ მხარეს შორის პოტენციური კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად.​​​​​​​​​​​​​​​​

ცნობისთვის, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 19 იანვარს, დილიდან უნდა ამოქმედდეს.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ.

ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები მოუწოდებენ ირანსა და მის მოკავშირეებს, თავი შეიკავონ ისრაელის წინააღმდეგ ნებისმიერი შემდგომი თავდასხმისგან.

1tv.ge