აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მომავალი პრეზიდენტის შერჩევაში მონაწილეობა სურს.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, არ სურს, რომ ყოველ 10 წელიწადში იქ დაბრუნდეს.
„ჩვენ არ გვინდა, ხუთ წელიწადში ერთხელ ან 10 წელიწადში ერთხელ დაბრუნება და ამის გაკეთება. ჩვენ გვინდა, ავირჩიოთ პრეზიდენტი, რომელიც თავის ქვეყანას ომში არ წაიყვანს“, – განაცხადა ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
მანამდე, დონალდ ტრამპმა „აქსიოსს” განუცხადა, რომ ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერის დანიშვნაში „ჩართული უნდა იყოს“.
ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ექსპერტთა ასამბლეა, სავარაუდოდ, მომდევნო 24 საათში აირჩევს. ირანის კონსტიტუციის მიხედვით, მომავალი უზენაესი ლიდერი 88 სასულიერო პირისგან შემდგარმა ექსპერტთა ასამბლეამ უნდა აირჩიოს.
შეერთებულ შტატებს არ სურს ირანთან მიმდინარე ომში ქურთების შეიარაღებული ძალების ჩართვა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ არ ვაპირებთ ქურთების ჩართვას. როგორც იცით, ქურთებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ არ გვინდა, ომი იმაზე უფრო მეტად გავართულოთ, ვიდრე უკვე არის”, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მათი ჩართვის იდეა პირადად უარყო.
„დიახ, მე ეს გამოვრიცხე. არ მინდა, ქურთები შევიდნენ. არ მინდა, ვნახო, რომ ქურთები დაშავდნენ ან დაიღუპნენ. მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ისინი მზად არიან, ჩაერთონ, მაგრამ ვუთხარი – არ მინდა, რომ ომში ჩაერთონ. ქურთების ჩართვის გარეშეც, ომიც საკმარისად რთულია”, – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, მანამდე „სიენენი” წერდა, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ქურთების შეიარაღებაზე მუშაობდა, რათა ირანში სახალხო ამბოხის პროვოცირება მოეხდინა.