საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის (IIF) მონაცემებით, გლობალური ვალი, მათ შორის მთავრობების, ოჯახების, ფინანსური და არაფინანსური კომპანიების ვალდებულებები, 2025 წელს 29 ტრილიონი დოლარით გაიზარდა და რეკორდულ 348.3 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

ეს, პირველ რიგში, განპირობებული იყო სუვერენული ვალის ზრდით, რომელმაც 10 ტრილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, სადაც ამ ზრდის დაახლოებით სამი მეოთხედი შეერთებულ შტატებზე, ჩინეთსა და ევროზონაზე მოდიოდა.

გლობალური ვალის ზრდა ამჟამად დაკავშირებულია არა იმდენად საოჯახო მეურნეობების ან კომპანიების დავალიანებასთან, რამდენადაც მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების მუდმივ ბიუჯეტების დეფიციტთან.

გასულ წელს ვალის მშპ-სთან თანაფარდობა 308%-მდე შემცირდა, ძირითადად განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ხარჯზე. განვითარებად ეკონომიკებში ამ თანაფარდობამ მშპ-ს რეკორდულ 235%-ს მიაღწია.

2025 წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი 106.7 ტრილიონ დოლარს შეადგენდა, წინა წლის 96.3 ტრილიონ დოლართან შედარებით.

IIF-ის მონაცემებით, არასაფინანსო კომპანიების ვალმა 100.6 ტრილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო საოჯახო მეურნეობების ვალმა 64.6 ტრილიონ დოლარს.

 განვითარებულ ბაზრებზე მთლიანი ვალი 231.7 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო განვითარებად ბაზრებზე რეკორდულ 116.6 ტრილიონ დოლარამდე.

თუ ბიუჯეტის დეფიციტი მნიშვნელოვანი დარჩება და კომპანიები კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას ობლიგაციების გამოშვებით გააგრძელებენ, გლობალური ვალის მოცულობა 2026 წელს ზრდას გააგრძელებს, - აღნიშნულია ანგარიშში.

IIF-ის შეფასებით, განვითარებად ბაზრებს წელს 9 ტრილიონ დოლარზე მეტი ვალის დაფარვა მოუწევთ, რაც ისტორიაში რეფინანსირების ყველაზე დიდი მოცულობაა. მოსალოდნელია, რომ განვითარებული ბაზრები 20 ტრილიონ დოლარზე მეტს დაფარავენ ობლიგაციებისა და კრედიტების სახით.

წყარო: interfax