მიოპიის, იგივე ახლომხედველობის შემთხვევები მსოფლიოში სწრაფად იზრდება. ახალი კვლევის თანახმად, მისი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი შეიძლება იყოს დახურულ სივრცეში მეტი დროის გატარების თანამედროვე ტენდენცია.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დაზუსტებით არ ვიცით მიოპიის ზრდის მიზეზი, ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფტომეტრიის კოლეჯის მკვლევართა მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, საქმე მხოლოდ ეკრანთან გატარებულ დროს არ ეხება.
უნივერსიტეტის ჯგუფმა ლაბორატორიული ტესტები 34 მოხალისეზე ჩაატარა, რომელთაგან 21-ს მიოპია ჰქონდა, 13-ს კი ნორმალური მხედველობა. მონაწილეებს მიეცათ კვადრატული სამიზნეები, რომლებიც განსხვავდებოდა სიკაშკაშითა და კონტრასტით, რათა მათ განმეორებითი, თითო თვალით, ფოკუსირება მოეხდინათ.
მიოპიის მქონეებში ჩაწერილი თვალის ქცევა მიუთითებს, რომ აქტივობებსა და ამოცანებს, რომლებიც ახლოდან დანახვას მოითხოვს, ე. წ. ახლო სამუშაოს — შეიძლება წვლილი შეჰქონდეს ახლომხედველობაში, რადგან გუგა ვიწროვდება, რათა შეზღუდოს თვალში შემავალი სინათლის რაოდენობა.
„მიოპიამ მსოფლიოში თითქმის ეპიდემიის დონეს მიაღწია, მაგრამ ჯერ ბოლომდე მაინც არ ვიცით, რატომ. ჩვენი კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ საერთო ძირითადი ფაქტორი შეიძლება იყოს ის, რამდენი სინათლე აღწევს ბადურაზე ახლო მანძილზე ხანგრძლივად მუშაობის დროს, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში“, — ამბობს მხედველობის ნეირომეცნიერი ხოსე-მანუელ ალონსო.
მკვლევრებს სურდათ შეესწავლათ სამი ქცევა, რომლებიც დაკავშირებულია ახლომდებარე ობიექტების დაკვირვებასთან: როგორ ფოკუსირდება თვალები (აკომოდაცია), როგორ ბრუნავენ ისინი შიგნით და როგორ ვიწროვდება გუგები. შეიტანეს კორექტირება ბადურაში ჩართვისა და გამორთვის გზების გააქტიურების გათვალისწინებით, რაც პასუხისმგებელია სინათლისა და სიბნელის დამუშავებაზე, ამავე თანმიმდევრობით.
ჩართვის სუსტი გზა (ON pathway) მიოპიასთან აქამდეც იყო დაკავშირებული, მაგრამ უცნობი იყო მექანიზმი, რომელიც მას საფუძვლად უდევს. ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა ახალ კვლევაში იყო ის, რომ კონტრასტს სიკაშკაშეზე მეტი მნიშვნელობა ჰქონდა, როდესაც საქმე თვალების შიგნით შებრუნებას და გუგების შევიწროებას ეხებოდა.
ჯგუფმა ასევე შენიშნა, რომ მიოპიის მქონეებში თვალები ფოკუსირებამდეც კი უფრო მეტად შიგნითაა მიმართული და მათი გუგები უფრო მეტად ვიწროვდება, ვიდრე ნორმალური მხედველობის მქონეებში. სავარაუდოდ, ეს კომბინაცია შემდეგ ასუსტებს ჩართვის გზას (ON pathway).
მათი დაკვირვებები საკმარისი იყო ახალი ჰიპოთეზის წამოსაყენებლად — რომ მიოპიის დროს, ფოკუსირებას სიკაშკაშეზე მეტი პრიორიტეტი ენიჭება, რაც ქმნის ერთგვარ უკუკავშირის მარყუჟს, რომელიც ზედმეტ კომპენსირებას ახდენს და შემდეგ აუარესებს მდგომარეობას.
დახურულ სივრცეებში კი, სადაც გაცილებით ნაკლები სინათლეა, ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა.
„გარე სივრცის კაშკაშა სინათლეში, გუგა იკუმშება, რათა თვალი დაიცვას, მაგრამ ბადურამდე მიღწევის საშუალებას მაინც საკმარის სინათლეს აძლევს. როდესაც დახურულ სივრცეში ადამიანები ფოკუსირდებიან ახლომდებარე ობიექტებზე, როგორიცაა ტელეფონი, ტაბლეტი ან წიგნი, გუგა ასევე იკუმშება, არა სიკაშკაშის გამო, არამედ გამოსახულების გასამკვეთრებლად. სუსტი განათების პირობებში, ამ კომბინაციამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ბადურის განათება“, — ამბობს მკვლევარი ურუშა მაჰარაჯანი.
მიოპია შესასწავლად რთულია, რადგან მოიცავს რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის, ძლიერ გენეტიკურ კომპონენტს. ამ დაავადებას იწვევს თვალის კაკლის ნორმალურზე მეტად წაგრძელება, რის გამოც, შემავალი ვიზუალური ეფექტები სათანადოდ არ არის ფოკუსირებული ბადურაზე — სინათლის აღმქმელ ქსოვილზე, რომელიც თვალის უკანა ნაწილზე მდებარეობს.
არგუმენტი ამ შემთხვევაში ისაა, რომ ეს მხოლოდ მხედველობის დაბინდვა კი არ არის, რომელიც მიოპიას იწვევს ან აუარესებს, არამედ სინათლის დაკარგვაც.
ამით შეიძლება აიხსნას, რატომ შეიძლება იყოს პრობლემური ძალიან ძლიერი მაკორექტირებელი ლინზები — ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის აზრით, ისინი ამცირებენ სინათლეს და ასევე გავლენას ახდენენ ფოკუსირებაზე.
„ჩვენი შედეგები მხარს უჭერს ჰიპოთეზას, რომ მიოპია ვითარდება ბავშვებში, რომლებსაც აქვთ ბადურის სუსტი სტიმულაცია“, — წერენ მკვლევრები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ამ კვლევის შეზღუდვებიც. ის ხალხის მცირე ნიმუშზე ჩატარდა, რომელთა მხედველობასაც არ ზომავდნენ დროთა განმავლობაში, არც გარე და შიდა პირობებში შედარებულა. მკვლევრები გარკვეულ ვარაუდებს აკეთებენ საკუთარ დასკვნებსა და წინა კვლევებზე დაყრდნობით.
თუმცა, ამ საფუძვლიანი ვარაუდების უფრო დეტალურად გაანალიზება ახლა შესაძლებელია და შესაძლოა, საჭირო წარმოდგენა შეგვექმნას იმის შესახებ, თუ რატომ აწუხებს მიოპია ამდენ ჩვენგანს. მოსალოდნელია, რომ 2025 წლისთვის, ახალგაზრდების თითქმის 40 პროცენტს მიოპია ექნება.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემაშფოთებელ ზრდას ხშირად უკავშირებენ იმას, რომ ბავშვები მეტ დროს ატარებენ ეკრანების წინ, საქმეში შეიძლება სხვა რამეც იყოს ჩართული — მზარდი მიდრეკილება, დარჩნენ სახლში და ფოკუსირდნენ ახლომდებარე ობიექტებზე, მათ შორის, ტელეფონებსა და ლეპტოპებზე.
„ეს პასუხი საბოლოო არაა. ეს არის ჰიპოთეზა, რომელიც დაფუძნებულია გაზომვად ფიზიოლოგიაზე და აერთიანებს არსებულ მტკიცებულებათა მრავალ ნაწილს. მეტი კვლევაა საჭირო, მაგრამ ეს კვლევა პრევენციისა და მკურნალობის ახალ გზებზე ფიქრის საშუალებას გვაძლევს“, — ამბობს ალონსო.
კვლევა Cell Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია sunyopt.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.