სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ პანდემიის შემდეგ სასტუმროების საოპერაციო მოგება თითქმის 70%-ით ნაკლებია.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას შალვა ალავერდაშვილი აღნიშნავს, რომ არასეზონზე ბრენდული სასტუმროების ფასი ჩამოდის არაბრენდულის ფასამდე, რაც დემპინგური პოლიტიკაა და შედეგად, არაბრენდული სასტუმროები არასახარბიელო მდგომარეობაში ვარდებიან.
„ვინც ჩვენს სექტორში დიდი ხანია, მუშაობს, ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა - „გავრილოვის ღამემდე“ და „გავრილოვის ღამის შემდეგ“, რამაც ყველაზე დიდი დარტყმა მოგვაყენა, ამას კი მოჰყვა პანდემიაც. შედეგად, რეალობა მთლიანად შეცვლილია. რა ციფრებიც მანამდე გვქონდა და რაც გვაქვს დღეს, ცა და დედამიწასავით განსხვავდება - საოპერაციო მოგება თითქმის 70%-ით ნაკლებია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამას განსაზღვრავს ის, რომ 2017 წლისთვის ქალაქში სასტუმროს ოთახების რაოდენობა 8 ათასამდე იყო, დღეს - 40 ათასზე მეტია. კონკურენცია ძალიან მაღალია და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით, არასეზონზე, ბრენდული სასტუმროების ფასი ჩამოდის არაბრენდულის ფასამდე, რაც ნამდვილად დემპინგური პოლიტიკაა, რის გამოც არაბრენდული სასტუმროები არასახარბიელო მდგომარეობაში ვარდებიან, თუმცა ეს ბიზნესია და კონკურენცია“, - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.
მისივე თქმით, თუ ბოლო 5 წლის განმავლობაში სტუმრების რაოდენობა გაიზარდა, მაგალითად, 10%-ით, სასტუმროების ოთახების რაოდენობა 100%-ით არის გაზრდილი. ამასთან, გაიაფდა ოთახების ფასები, სექტორში მკვეთრად გაიზარდა ხელფასები - გაორმაგდა, ასევე, გაძვირდა პროდუქტები.
„შესაბამისად, სასტუმროების მომგებიანობა ნამდვილად შემცირებულია. იმისთვის, რომ სასტუმროებმა სათანადო შემოსავალი მიიღონ, თბილისისა და ქალაქების სასტუმროების ფასები მინიმუმ უნდა გაორმაგდეს“, - აღნიშნავს შალვა ალავერდაშვილი.