უკრაინელი მაღალჩინოსნისა და სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმირებული კიდევ ორი წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ რუსეთთან ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მიღწევა სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს.

ტრამპს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ზაფხულისთვის სურს, თუმცა უკრაინასა და რუსეთს შორის კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა, განსაკუთრებით - აღმოსავლეთ უკრაინაში ტერიტორიული კონტროლის საკითხთან დაკავშირებით.

30-წუთიანი სატელეფონო საუბარი ტრამპსა და ზელენსკის შორის პირველი კომუნიკაცია იყო მას შემდეგ, რაც ისინი იანვრის ბოლოს დავოსში შეხვდნენ ერთმანეთს.

„ერთ-ერთი წყაროს თქმით, ზელენსკიმ გამოთქვა იმედი, რომ ომი წელს დასრულდება, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ომი ზედმეტად დიდხანს გაგრძელდა და დასძინა, რომ მას მისი ერთ თვეში დასრულება სურს“, - განაცხადა წყარომ.