ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რუსეთის ეკონომიკა სიკვდილის ზონაში შევიდა“ (ავტორი - ალექსანდრა პროკოპენკო, კარნეგის ფონდის „რუსეთ-ევრაზიის“ ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი), რომელშიც ვრცლად არის გაანალიზებული რუსული ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობა, მისი პერსპექტივა, უკრაინასთან ომის გაგრძელების შესაძლებლობა და ევროპის (დასავლეთის) წინაშე მდგარი პრობლემები.

„კვირის პალიტრა“ გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უკვე მეხუთე წელია, გრძელდება, კრემლმა ქვეყნის ეკონომიკა იმდენად შეცვალა, რომ მისი სამხედრო „ლიანდაგებიდან“ სამშვიდობო (სამოქალაქო) „ლიანდაგებზე“ დაბრუნება ურთულესი და, ალბათ, შეუძლებელიც იქნება.

დღეს დასავლეთი რუსეთის ეკონომიკის დანგრევა-ჩამოშლას ისევ ელოდება, მაგრამ ეს არ მოხდება, თუმცა -ასევე არ მოხდება მისი აღდგენაც. რუსეთის ეკონომიკა ისეთ სიტუაციაშია, რომელსაც ალპინისტები „სიკვდილის ზონას“ უწოდებენ: 8 ათასი მეტრის სიმაღლეზე ადამიანის ორგანიზმი სულ უფრო სწრაფად იფიტება: „იყინება“, ნივთიერებათა ცვლა ნელდება და ენერგიის აღდგენა ყოვნდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსეთის ეკონომიკა ნეგატიურ წონასწორობაშია: ის ახლა, თითქოსდა, მთლიანია და მუშა მდგომარეობაში მყოფს ჰგავს, მაგრამ შინაგანად მყიფეა და დაბზარული, საფუძველშერყეული, რომელსაც მომავალი არ აქვს.

რუსეთის ბიუჯეტის საექსპორტო შემოსავლები მცირდება. ქვეყანა ეკონომიკურად სუსტდება. ბიუჯეტში შექმნილი სიცარიელის შევსება დამატებითი გადასახადებით ვერ ხერხდება. 2025 წელს ეკონომიკა მხოლოდ 1%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის პროგნოზი კი უფრო უარესია.

ბოლო 4 წლის განმავლობაში რუსული ეკონომიკა ორ ცალკეულ მეტაბოლურ სისტემად გაიყო: პირველში შედის სამხედრო და მასთან დაკავშირებული დარგები ანუ ის სასიცოცხლოდ აუცილებელი სფეროები, რომლებსაც პრიორიტეტული სისხლის მიმოქცევა აქვთ. ეს დარგები იზრდებიან, ფართოვდებიან, მატულობს მათში დასაქმებული სპეციალისტების რაოდენობა და ინვესტირების დონე. მათ ყოველთვის პირველ რიგში ეძლევათ რესურსები, კაპიტალი და იმპორტული პროდუქცია; მეორე სისტემა მოიცავს ყველა დანარჩენს - კერძო მეწარმეობას, მცირე ბიზნესს, სამომხმარებლო პროდუქციის წარმოებას ანუ ეს ის დარგებია, რომლებიც ყურადღების გარეშე არიან დარჩენილნი. ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთის საწარმოო სექტორი, მთლიანობაში, 18%-ით გაიზარდა, მაგრამ ზრდის ყველაზე მეტი ტემპი სამხედრო სექტორზე მოდის - ანუ თავდაცვასთან დაკავშირებული წარმოება გაფართოვდა, მაგრამ იმავე პერიოდში სამოქალაქო დანიშნულების პროდუქციის შემცირდა.

რუსეთის ეკონომიკის ახალი სტრუქტურის ყველაზე სახიფათო თავისებურებაა ის „საწვავი“, რომლითაც იკვებება და რომელსაც „წვავს“. ქვეყნის ეკონომიკა ამჟამად იმის ხარჯზე მოქმედებს, რასაც შეიძლება „სამხედრო რენტა“ ვუწოდოთ: ბიუჯეტური ტრანსფერები ეძლევათ თავდაცვით საწარმოებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ხელფასებს და ეკონომიკურ აქტიურობას. ფუნქციურად ეს 2000-იანი წლების ნავთობშემოსავლებს მოგვაგონებს, მაგრამ შესამჩნევია არსებითი განსხვავება: იმ დროს სანავთობო რენტა (შემოსავლები) მთლიანად ეკონომიკაში ნაწილდებოდა, ახლა კი, „სამხედრო რენტის“ დროს აქტივების ხარჯვა მიმდინარეობს ისე, რომ მათ მოგება არ მოაქვთ, ისინი მხოლოდ განადგურებისათვის გამოიყენება. ასეთ სიტუაციაში ორგანიზმი იწყებს საკუთარი კუნთოვანი ქსოვილის გადამუშავებას, ენერგიის მისაღებად.

ის, რაც რუსეთის ეკონომიკაში შეინიშნება, ჩვეულებრივი ციკლური ვარდნა არ არის, რომელიც შეიძლება ფულად-საფინანსო ან ფისკალური პოლიტიკით გამოსწორდეს. საერთოდ, ეკონომიკური ვარდნა დაღლილობის მსგავსია: ძალა გამოგელევათ, მაგრამ დაისვენებთ და ენერგიას აღიდგენთ, რუსეთში შექმნილი სიტუაცია კი „მთის ავადმყოფობას“ ჰგავს: რაც უფრო მეტ ხანს რჩება ეკონომიკა დავარდნილ მდგომარეობაში, ის კი არ ისვენებს, არამედ - უფრო უარესად ხდება.

განვიხილოთ ეკონომიკის დაცემის არითმეტიკა კრემლისათვის:

რუსეთის თავდაცვით სექტორზე დღეისათვის მთლიანი შიდაპროდუქტის (მშპ) 8% მოდის. დემობილიზაცია (და ეკონომიკის დემილიტარიზაცია) რომ კრიზისის გარეშე განხორციელდეს, ამისათვის აუცილებელია ერთდროულად ხუთი პირობის შესრულება. პირველი - უსაფრთხოების ისეთი საიმედო გარანტიებით უზრუნველყოფა, რომლებიც მუქარის გასანეიტრალებლად კრემლის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს (და რომლებიც, თავის მხრივ, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო პოტენციალის ადრინდელი დონით აღდგენას განსაზღვრავს); მეორე - დემობილიზებულების გადამზადების ეფექტიანი პროგრამების შემუშავება; მესამე - ანტირუსული სანქციების შემსუბუქება, ნაწილობრივ მაინც, ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; მეოთხე - თავდაცვითი სფეროს შესყიდვების რეფორმის განხორციელება, როცა პრიორიტეტი ეფექტიანობას ეძლევა და არა - საბიუჯეტო თანხების ათვისებას; მეხუთე - ჯანმრთელი ეკოსისტემის შექმნა მცირე და საშუალო კომპანიებისათვის, რომლებიც გადანაწილებულ რესურსებს ეკონომიკური წინსვლისათვის და ინოვაციების სტიმულირებისათვის გამოიყენებენ. დღეისათვის ჩამოთვლილი ხუთი პირობის ერთად განხორციელების შესაძლებლობა ნულის ტოლია.

ამასობაში კი საბიუჯეტო ჟანგბადი ილევა. რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი სწრაფად მატულობს, რომელიც 2025 წელს მშპ-ის 2,6%-ით (73 მილიარდი დოლარით) გამოიხატა ანუ ყველაზე დიდი მაჩვენებლით, პანდემიის დროიდან. საპროცენტო გადასახადები სახელმწიფო ვალის მიმართ მიმდინარე წელს იმდენია, რომ განათლებისა და ჯანდაცვის ხარჯებს აჭარბებს, ერთად აღებულს.

ეკონომიკაზე ზეწოლას ნავთობის ფასის გაიაფებაც აძლიერებს: რამდენადაც რუსული Urals-ის მარკის ნავთობი დღეს ისედაც შეღავათაური ფასით (25-30%-ით) იყიდება უცხოურ Brent-თან შედარებით, რუსეთის შემოსავლები ექსპორტიდან ყველაზე დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა, 2020 წლიდან. ბიუჯეტში შემოსავლები ნავთობ-გაზის დარგიდან 2026 წლის იანვრის თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის ორჯერ შემცირდა და მხოლოდ 400 მილიარდი რუბლი შეადგინა.

რასაკვირველია, ენერგომატარებლებზე ფასების შემცირება მხოლოდ რუსეთს არ უკავშირდება და მხოლოდ რუსულ ეკონომიკაზე არ მოქმედებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩინეთში დეფლიაცია ნელდება, ევროპაში სტაგნაცია მატულობს. მოკლედ, ენერგორესურსების გაიაფება გლობალური მოვლენაა, ყველა ნავთობმომპოვებელი ქვეყნისათვის „თავის ტკივილია“, მაგრამ ყველაზე მეტად აზიანებს ისეთ სუსტ და მყიფე ეკონომიკას, როგორიც რუსეთისაა.

თავის მხრივ, ეკონომიკის დასუსტება ქვეყნის ხელისუფლებისათვის გარკვეულ მანკიერ სტიმულს ქმნის. სტანდარტული ეკონომიკის თეორია გულისხმობს იმას, რომ ეკონომიკის გაუარესებამ კრემლს ომის შეწყვეტის მოლაპარაკებისაკენ უნდა უბიძგოს. რაციონალური ადამიანი (ანუ ამ შემთხვევაში სახელმწიფო), რომელიც მზარდ ხარჯებს აწყდება, წესით და რიგით, გამოსავალს ეძებს. მაგრამ ვლადიმერ პუტინი თვალს ადევნებს არა მარტო საკუთარ ჟანგბადის მანომეტრს, არამედ, ასე ვთქვათ, მთაზე ამსვლელი სხვა ალპინისტების მანომეტრებსაც აკვირდება.

და რას ხედავს ვლადიმერ პუტინი? - იგი ხედავს, რომ ევროპა ებრძვის საკუთარ სტრუქტურულ კრიზისს, ევროპაში მატულობს პოლიტიკური განხეთქილება და რომ ევროპას არ შეუძლია შეთანხმება სტრატეგიულ საკითხებში, რუსეთთან დამოკიდებულების ჩათვლით; კრემლი ხედავს, რომ უკრაინა რუსეთზე უფრო სწრაფად იფიტება და თითქმის მთლიანად დასავლეთზეა დამოკიდებული, რომლის დახმარება ყოველი საარჩევნო ციკლის მიხედვით, მცირდება; კრემლი უყურებს, თუ როგორ არ ყოფნის ჰაერი დასავლურ ეკონომიკასაც, სადაც კრიზისი მწიფდება, გამოწვეული ვალების მაღალი დონით და უკრაინისადმი რეგულარული მსხვილი დახმარებებით... მართლაცდა, თუ თქვენთან ერთად თქვენი კონკურენტებიც სუსტდებიან და თუ თვლით, რომ ტკივილის მოთმენა მათზე უფრო დიდხანს შეგიძლიათ, ასეთ სიტუაციაში გათვლები იცვლება. ეკონომიკური ზეწოლა, რომელმაც კრემლს კომპრომისისაკენ უნდა უბიძგოს, პირიქით, მის შეუპოვრობას აძლიერებს.

ვრცლად: kvirispalitra.ge