გერმანია აშშ-ში არსებული ოქროს მარაგის გატანას განიხილავს, რისი მიზეზიც ვაშინგტონის, როგორც ეკონომიკური პარტნიორის საიმედოობაზე მზარდი ეჭვია.

ამის შესახებ Bild ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

საუბარია 1.200 ტონა ოქროზე, რომელიც ნიუ-იორკში, ფედერალური სარეზერვო ბანკის საცავში ინახება. ის გერმანიას ეკუთვნის და აშშ-ის შემდეგ უდიდესი, ანუ 3.375 ტონა ოქროს მარაგის ნაწილია.

ამჟამად შეერთებულ შტატებში შენახული გერმანული ოქროს ღირებულება 113 მილიარდ ევროს აჭარბებს.

Bild-ის ცნობით, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU), რომელიც გერმანიის მომავალ მთავრობას უხელმძღვანელებს, ოქროს მარაგის შეერთებული შტატებიდან ფრანკფურტში ან ევროპის სხვა საცავში გადატანის საკითხს განიხილავს.

მიზეზი დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებადი კურსის შესახებ შეშფოთებაა, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მიმართ ახალი სავაჭრო ტარიფები დაწესდა.

ბოლო დრომდე გერმანიის რეზერვების ნაწილის შეერთებულ შტატებში განთავსება გონივრულ და პრაგმატულ სტრატეგიად ითვლებოდა: ეს ბერლინს საშუალებას აძლევდა, ფინანსური კრიზისის შემთხვევაში დოლარის ლიკვიდურობაზე სწრაფი წვდომა ჰქონოდა. თუმცა, Bild-ის შეფასებით, ვაშინგტონის მიერ ახალი სატარიფო ბარიერების შემოღებამ წინა გათვლების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა.

bpn.ge