გერმანია ევროკავშირის მიერ, უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად, რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების კონფისკაციის წინააღმდეგია. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

ქვეყნის  პოზიციით, ნაჩქარევი ქმედებები შეიძლება  დიდ „სამართლებრივ ან ფინანსურ რისკებს“ შეიცავდეს. 

გამოცემის თანახმად, ევროკომისია მუშაობს გეგმაზე, რომლითაც ფინანსურ ინსტიტუტებს გაყინული რუსული აქტივების ევროკავშირისთვის გადაცემა დაევალებათ. ამ გზით უკრაინის აღსადგენად მილიარდობით ევროს მობილიზაცია შეიძლება გაკეთდეს.

თუმცა, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გამოთქმული შეშფოთების შემდეგ, ბერლინმა და სხვა დედაქალაქებმა აღნიშნეს, რომ ამ გეგმაზე კარგად დაფიქრებაა საჭირო. გერმანიის მთავრობის მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ მაღალი იურიდიული რისკების გამო ეს იდეა საკმარის მხარდაჭერას ვერ მიიღებს. 

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, მოსკოვს მოუწევს უკრაინისთვის მიყენებული ზიანი აანაზღაუროს. რუსული აქტივების გასაყინად კი გერმანია ყველა კანონიერ მეთოდს იყენებს. კიევის პოზიციით, გაყინული რუსული აქტივებიდან ევროკავშირს წლიურად 3 მილიარდი დოლარის მოზიდვა შეუძლია. 

ევროკავშირმა და G7-ის სახელმწიფოებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები უკრაინაში შეჭრის გამო გაყინეს. საუბარია დაახლოებით 300 მილიარდი ევროს მოცულობის აქტივებზე. გარდა ამისა, ევროკავშირს სანქცირებული რუსი ბიზნესმენების ქონებიდან €19 მილიარდის აქტივები აქვს დაბლოკილი.