ევროკავშირმა შესაძლოა 196,6 მლრდ ევროს ღირებულების გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინას გადასცეს. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროკომისიის ოფიციალურმა პირებმა ოთხშაბათს ბელგიურ საკლირინგო სახლ Euroclear-ში არსებული რუსული აქტივებით წარმოქმნილი პროცენტების გადინების ვარიანტები შეისწავლეს. როგორც გამოცემა წერს, ასეთი ნაბიჯი არ გამოიწვევს თავად აქტივების ექსპროპრიაციას, მაგრამ მაინც გამოიწვევს დასავლეთის ფინანსური ზეწოლის ესკალაციას რუსეთზე, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ბელგიის მთავრობის მონაცემებით, 196,6 მლრდ ევროს გაყინული აქტივებიდან 180 მლრდ ევრო რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებია.
როგორც Financial Times-ი წერს, ევროკავშირის ოფიციალური პირები დაინტერესებულნი არიან იმით, რომ რეინვესტიციიდან მიღებული მოგება უკრაინაში გაიგზავნოს.
მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა, ასევე სანქციების გამო გადახდების დაგროვებამ განაპირობა ის, რომ კლირინგმა კარგი მოგება მიიღო. ამრიგად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში Euroclear-მა სანქციების ქვეშ მყოფი აქტივებიდან ნაღდი ფულის ნაშთებზე 734 მილიონი ევროს ოდენობის პროცენტის გადახდის შესახებ გამოაცხადა.
ბელგიის მთავრობამ განაცხადა, რომ Euroclear-ში გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას აპირებს და თანხის დახარჯვას სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებაზე გეგმავს.
ევროკავშირის ოფიციალური პირები აპირებენ, რომ უფრო კონკრეტული წინადადებები რუსული აქტივების შესახებ ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე, ივნისის ბოლოს, წარმოადგინონ.
ევროკომისიამ განაცხადა, რომ ის რუსული გაყინული აქტივების გამოყენებისთვის გზებს იკვლევს, რათა ჰქონდეთ იმის გარანტია, რომ რუსეთი უკრაინას მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებს. როგორც აღინიშნა, საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ისინი რთულია როგორც სამართლებრივი, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით.