ბელგიის მთავრობამ განაცხადა, რომ მორიგი დახმარების სახით უკრაინას გადასცემს საგადასახადო შემოსავალს 100 მილიონი დოლარის ოდენობით, რომელიც ბელგიამ გაყინული რუსული აქტივებიდან მიიღო.

პრემიერ მინისტრის ალექსანდრე დე კროოს თქმით, ამ დახმარების ნახევარი სამხედროების,  მეორე ნახევარი კი მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად წავა.

ევროკავშირმა თებერვალში შექმნა სამუშაო ჯგუფი, რათა გამოიკვლიოს გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესაძლებლობა უკრაინის აღსადგენად.

მსოფლიო ბანკმა, ევროკომისიამ და უკრაინის მთავრობამ 2022 წლის სექტემბერში ქვეყნის აღდგენის ღირებულება დაახლოებით 349 მილიარდ დოლარად შეაფასეს. მას შემდეგ ეს თანხა საგრძნობლად გაიზარდა.

გასულ წელს, ევროკავშირმა და დასავლელმა მოკავშირეებმა გაყინეს რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდ დოლარზე მეტი აქტივები, რომლებიც პოტენციურად შესაძლოა უკრაინის აღსადგენად იქნეს გამოყენებული.