Google Gemini-ის გამოყენების პირობები იცვლება. 9 ოქტომბრიდან უფასო ანგარიშების მფლობელებს აპლიკაციაში ხელმისაწვდომი მოდელების არჩევანი მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ და ძირითადად Flash-Lite ვერსიით სარგებლობა შეეძლებათ.
ამ დრომდე უფასო მომხმარებლებს Gemini-ში შედარებით მძლავრი Flash და Pro მოდელების გამოყენებაც შეეძლოთ, მათ შორის კოდის წერის, ანალიტიკური დავალებებისა და სხვა რთული ამოცანების შესასრულებლად. ახალი წესების ამოქმედების შემდეგ კი აღნიშნულ მოდელებზე წვდომა უფასო ანგარიშებისთვის აღარ იქნება ხელმისაწვდომი. ფასიანი Google AI გამოწერის გარეშე მომხმარებლები ავტომატურად უფრო შეზღუდულ მოდელზე გადაერთვებიან.
ცვლილებები ფასიან პაკეტებსაც შეეხება. Google AI Plus-ის მომხმარებლები Flash-Lite-სა და Flash-ზე წვდომას შეინარჩუნებენ, თუმცა Pro მოდელის გამოყენების შესაძლებლობას დაკარგავენ. Google-ის ინფორმაციით, Plus-ის აბონენტებს ცვლილებების კონკრეტული ვადების შესახებ ინდივიდუალურად ელექტრონული ფოსტით აცნობებენ.
უფრო მაღალი ტარიფების მომხმარებლებისთვის შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება. Google AI Pro და Google AI Ultra აბონენტებს Flash-Lite, Flash და Pro მოდელებზე წვდომა შეუნარჩუნდებათ.
ამასთან, Pro პაკეტის მომხმარებლებისთვის დამატებით ხელმისაწვდომი გახდება Deep Think ფუნქცია, რომელიც რთული ამოცანების დამუშავებისას უფრო ინტენსიურ მსჯელობას იყენებს. აქამდე აღნიშნული შესაძლებლობა მხოლოდ Ultra პაკეტის მომხმარებლებისთვის იყო გათვალისწინებული.
Gemini-ში ოქტომბრიდან კიდევ ერთი ცვლილება იგეგმება. მომხმარებლებს მოდელის „ფიქრის“ ინტენსივობის არჩევა შეეძლებათ — Low, Medium და High რეჟიმებს შორის. მაღალი დონის გამოყენება უფრო საფუძვლიანი პასუხების მიღებას უზრუნველყოფს, თუმცა ხელმისაწვდომ ლიმიტს უფრო სწრაფად ამოწურავს.
Google ასევე მუშაობს ახალ მოდელ Argon-ზე, რომლის დებიუტიც თავდაპირველად AI Ultra-ის ტარიფში იგეგმება. მისი ხელმისაწვდომობა სხვა პაკეტებში ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის.
ცვლილებები მიუთითებს, რომ Google Gemini-ის უფასო და ფასიან სერვისებს შორის ფუნქციურ განსხვავებას კიდევ უფრო ზრდის. უფასო ვერსია ძირითადად ყოველდღიური ამოცანებისთვის დარჩება, მაშინ როცა უფრო რთული ანალიტიკური და პროფესიული სამუშაოებისთვის მომხმარებლებს ფასიანი პაკეტების არჩევა მოუწევთ.