რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ჩინეთს ეწვევა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა კრემლში, ბრიფინგზე განაცხადა.
„შეთანხმებულია, რომ სექტემბერში შედგება ჩემი საპასუხო ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში, მილიტარისტული იაპონიის დამარცხების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინმა ისაუბრა რუსეთსა და ჩინეთს შორის არსებულ ურთიერთობებზეც და თავისი შეხვედრა სი ძინპინთან „განსაკუთრებულად ნაყოფიერად“ შეაფასა.
„ხელი მოეწერა რიგ მთავრობათაშორის და უწყებათაშორის შეთანხმებებს, რომლებიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ენერგეტიკა, ვაჭრობა, ფინანსები, მეცნიერება, კულტურა და ბევრი სხვა“, – განაცხადა პუტინმა.