ევროპაში დაფიქსირებული რიგით მეხუთე ძლიერი სიცხის ტალღა გაერთიანებული სამეფოდან მონტენეგრომდე 135 მილიონზე მეტ ადამიანს უქმნის პრობლემებს. ამავდროულად, კვლავ მძვინვარებს ტყის ხანძრები, რომელთა ლოკალიზებისთვის ხორვატიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში სადღეღამისო სამუშაოები მიმდინარეობს.
ბრიტანეთში ტემპერატურამ კვლავ 38.1°C-მდე მოიმატა, ხოლო ესპანეთში, კერძოდ უესკაში, ექსტრემალური, 42.4-გრადუსიანი სიცხის ფონზე, ხანძრის საფრთხე სულ უფრო ძლიერდება. არაგონში კი 1000 წლის წინანდელი მონასტერი, რომელიც, ამავე დროს, მნიშვნელოვანი არქიტექტორული ძეგლია, უკვე ცეცხლის ალშია გახვეული.
მონტენეგროში, ადრიატიკის სანაპიროზე, საფრთხე შეექმნა ულცინის ტერიტორიას, სადაც, ბოლო დღეებში, ხანძრის ათობით ახალი კერა გაჩნდა.
ხორვატიაში კი, ასევე ადრიატიკის სანაპიროზე გაჩენილი ხანძრების გამო, ასობით ადამიანი იძულებული გახდა, ტურისტული ზონები დაეტოვებინა.
150-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული ლოკვა-როგოზნიცაში, სადაც ცეცხლი ფიჭვის ტყეებს ანადგურებს და საცხოვრებელ ზონებში ვრცელდება, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა მატერიალურად ზარალდება.
ხანძრის გამო იძულებით გადაადგილებული, სულ მცირე, 1000 ადამიანი სპლიტის სამხრეთით, ომიშის სპორტულ ცენტრში გადაიყვანეს.
მანამდე, მეხანძრეებმა, კომპანია Canadair-ის თვითმფრინავების გამოყენებით, სპლიტის მახლობლად, სანაპიროსთან მდებარე კუნძულ ბრაჩზე გაჩენილი კიდევ ერთი დიდი ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს.
სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ლანდის უკიდეგანო ტყეში ახალი ხანძარი გაჩნდა, რომელმაც დაახლოებით 400 ჰექტარი ტყის მასივი ფერფლად აქცია. უსაფრთხოების მიზნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 400-მდე მოსახლის ევაკუაციის ბრძანება გასცა.