შერეულ ორთაბრძოლებში ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, რომელმაც ოფიციალურად წამოაყენა თავისი კანდიდატურა ნოემბერში დაგეგმილ ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში, დონალდ ტრამპის მიმართ თავისი აღფრთოვანება ღიად გამოხატა. თეთრ სახლში მისი ბოლოდროინდელი ვიზიტისას, კონორს ეხურა ქუდი წარწერით „Make Ireland Great Again“ („გავხადოთ ირლანდია ისევ დიდებული“) და მიგრაციის საკითხებზე პოზიციონირებდა.

საერთო ნიშნები ამერიკის პრეზიდენტთან

კონორ მაკგრეგორი ცდილობს, ტრამპის მსგავსი იმიჯი შეიქმნას. მათ შორის პარალელების გავლება საკმაოდ ადვილია: უზომოდ მაღალი ცნობადობა, შოუ-ბიზნეში გამობრძმედილი პიროვნებები, ტოქსიკური ნარცისიზმი... და ერთგული ფანების ბაზა!

ამერიკის პრეზიდენტის მიერ ვაშინგტონში მიწვეულმა ოქტაგონის ყოფილმა ვარსკვლავმა განაცხადა, რომ სურს წინა პლანზე წამოწიოს პრობლემები, რომლებსაც ირლანდიელი ხალხი აწყდება, და აღნიშნა, რომ სოფლის ტიპის დასახლებები „მიგრანტებით არის სავსე“.

მიგრაციის შესახებ ევროპული პაქტის მკაცრი მოწინააღმდეგე კონორ მაკგრეგორი გმობს ეროვნული სუვერენიტეტის დაკარგვას და აცხადებს, რომ ირლანდია „კარგავს თავის იდენტობას“. ამგვარმა დისკურსმა ილონ მასკის ყურადღებაც მიიპყრო, რომელიც მხარს უჭერს ანტიიმიგრაციულ ფიგურებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ის თეთრ სახლში მაკგრეგორის მონაწილეობით გამართულ შეხვედრასაც ესწრებოდა.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი: „კონორ მაკგრეგორი არ წარმოადგენს ირლანდიას“

წმინდა პატრიკის დღეს ვაშინგტონში მაკგრეგორის მიწვევა ბევრმა ირლანდიელმა ძალიან ცუდად მიიღო. სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა ფრაზა: „ის, რაც ირლანდიელ ხალხს ყველაზე მეტად აერთიანებს, არის მისი საერთო ზიზღი კონორ მაკგრეგორის მიმართ“. პოლიტიკურმა ფიგურებმა მკაცრად დაგმეს მაკგრეგორის განცხადებები. მათ შორის იყო პრემიერ-მინისტრი მიშელ მარტინიც, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონორ მაკგრეგორი ირლანდიას არ წარმოადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილი სპორტული ვარსკვლავი მათ თვალშიც დაეცა, ვინც ოდესღაც მას ეროვნულ გმირად აღიარებდა. მისი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის ლეგიტიმურობაზე კითხვებს ბადებს კონორის კრიმინალური წარსული, რომელიც ძალადობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის უამრავი ეპიზიდისგან შედგება. მათ შორის ცალკე აღნიშვნის ღირსია გაუპატიურების საქმე (2018 წელი), რომელშიც ის გასულ წელს დამნაშავედ ცნეს. ეს განაჩენი კონორ მაკგრეგორმა ახლახანს გაასაჩივრა.

მასკულინისტური გავლენის მქონე პირების წრე

მაკგრეგორი, ადამიანებით ვაჭრობაში ბრალდებულ ინფლუენსერ ენდრიუ ტეიტთან ერთად, მასკულინისტური გავლენის მქონე პირთა წრეს მიეკუთვნება. ეს უკანასკნელი ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში ირლანდიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სიმონ ჰარისს თავს დაესხა. ჰარისმა განაცხადა, რომ ისეთი პიროვნებები, როგორებიც მაკგრეგორი და ტეიტი არიან, მისაბაძი მაგალითები არ უნდა იყვნენ, რადგან მათი ქცევა „დასაგმობი, რეგრესული და დამამცირებელია“. მან ასევე აღნიშნა, რომ „ეს ე.წ. „გავლენის მქონე პირები“ მამაკაცურობის დამახინჯებულ ხედვას და ახალგაზრდა მამაკაცებში ქალთმოძულეობას აღვივებენ“.

შერეული საბრძოლო ორთაბრძოლებიდან პოლიტიკურ არენაზე გადასვლა არც ისე მარტივი იქნება

როგორც დამწყებ კანდიდატს, კონორ მაკგრეგორს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ორი ვარიანტი აქვს. მან უნდა მოაგროვოს პარლამენტის 20 წევრის ხელმოწერა ან ოთხი ადგილობრივი ხელისუფლის რეკომენდაცია, თუმცა პოლიტიკური ელიტის უმრავლესობა მმართველი პარტია „ფიანა ფაილის“ ან „ფინა-გაილის“ წარმომადგენელია, რომლებიც მაკგრეგორის მხარდამჭერებისგან შორს დგანან.

მიუხედავად ამისა, კონორ მაკგრეგორის რადიკალური რიტორიკა ირლანდიელთა გარკვეულ ნაწილში გამოძახილს მაინც პოულობს. ზოგიერთი მას ულტრამემარჯვენეების წარმომადგენლად მიიჩნევს და იმიგრაციის შესახებ მის არასწორ რიტორიკას იმეორებს.

2023 წლის ნოემბერში დუბლინში მომხდარი მიგრანტების საწინააღმდეგო არეულობების დროს, მაკგრეგორმა პალტფორმა „იქსზე“ სიძულვილის შემცველი შეტყობინებები გამოაქვეყნა, რომელშიც ის მთავრობის იმიგრაციულ პოლიტიკას აკრიტიკებდა. ეს გზავნილები ფართოდ აიტაცეს ანტიიმიგრაციულმა მოძრაობებმა, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ჯერ კიდევ არ არიან სტრუქტურირებულნი, სულ უფრო ვითარდებიან.

ირლანდიაში ულტრამემარჯვენეები ჯერ კიდევ ვერ ახდენენ არჩევნებზე გავლენას, მაგრამ ეს მცირე ჯგუფები, შესაძლოა, ლიდერის, კერძოდ კი მაკგრეგორის მსგავსი ფიგურის გამოჩენას ელოდებიან.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი