ღმერთ პტაჰის 2700 წლის წინანდელი ეგვიპტური ქანდაკება, რომელიც ცოტა ხნის წინ ლონდონში, გამოფენა Frieze Masters-ზე გაიყიდა, შესაძლოა „ოსკარის“ ქანდაკების წარმოშობის ისტორიის გასაღებს ინახავდეს.
შესაძლოა, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ჯილდოს საკულტო დიზაინი ძველეგვიპტურ ღვთაებას უკავშირდებოდეს? ლონდონში გამართულ გამოფენა Frieze Masters-ზე ყურადღება მიიპყრო ეგვიპტელი შემოქმედი ღვთაებისა და მთავარი არქიტექტორის, პტაჰის 2700 წლის წინანდელმა ბრინჯაოს ფიგურამ; ანტიკვარიატის დილერმა ამ ქანდაკებასა და „ოსკარის“ ქანდაკების დიზაინს შორის შესაძლო კავშირი აღმოაჩინა.
ეს ფიგურა ოდესღაც გაზეთების მაგნატ უილიამ რენდოლფ ჰერსტს ეკუთვნოდა — სედრიკ გიბონსის მეგობარს; გიბონსი კი იყო არტ-დირექტორი, რომელმაც 1928 წელს „ოსკარის“ ქანდაკების დიზაინი შექმნა.
სიძველეებით მოვაჭრე რუპერტ უეისი ამბობს, რომ ეს კავშირი გამოფენის წინ ნივთის წარმომავლობის კვლევისას აღმოაჩინა. „გავარკვიეთ, რომ ეს კონკრეტული ნივთი რენდოლფ ჰერსტთან ინახებოდა; სედრიკ გიბონსი — ადამიანი, რომელმაც „ოსკარის“ ჯილდოს დიზაინი შექმნა — ჰერსტის ხშირი სტუმარი და მეგობარი იყო. ის ჰერსტს სტუმრობდა როგორც კალიფორნიაში, სენტ-სიმეონში, ისე — ნიუ-იორკში მდებარე სახლში, სადაც ჰერსტს ეგვიპტური კოლექციისთვის სპეციალური ოთახი ჰქონდა გამოყოფილი“.
სედრიკ გიბონსს, რომელიც 1960 წელს გარდაიცვალა, არასდროს პირდაპირ არ დაუდასტურებია, თუ რა გახდა მისი ცნობილი დიზაინის შთაგონების წყარო, თუმცა მსგავსება აშკარაა; თანაც, ის საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა.
„გარკვეული აზრით, ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია. ფაქტები ერთმანეთს დავუკავშირეთ და შედეგად ოთხი ან ხუთი მივიღეთ. ამის დამტკიცება არ შეგვიძლია. მსგავსება გასაოცარია; გარდა ამისა, მოვლენები ისეთ დროს, ისეთ ადგილას და ისეთ ადამიანებთან დაკავშირებით განვითარდა, რომ ამას უბრალო დამთხვევაზე მეტი უნდა იყოს“, — განმარტავს უეისი.
და თუნდაც მისი ჰოლივუდთან კავშირი გამოცანად რჩებოდეს, ეს ქანდაკება მაინც ძველი ეგვიპტური ხელოვნების მნიშვნელოვან და მომხიბვლელ ნიმუშს წარმოადგენს. იგი ძველი ეგვიპტის გვიანდელი პერიოდით თარიღდება.