გერმანიის კონსერვატიული ბლოკის, „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირის“ (CDU/CSU) ლიდერი ფრიდრიხ მერცი აშშ-სგან ევროპის დამოუკიდებლობის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და ეჭვი შეაქვს NATO-ს მომავალში. ამის შესახებ მერცმა კვირას გერმანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მერცმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ ზრუნავს ევროპაზე და რუსეთს უახლოვდება. მისვე თქმით, ევროპამ სასწრაფოდ უნდა გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა.

„ჩემი აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება ევროპის რაც შეიძლება სწრაფად გაძლიერება, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლოთ აშშ-სგან რეალური დამოუკიდებლობის მიღწევა“, – განაცხადა გერმანიის მომავალმა კანცლერმა.

მერცმა, რომელიც NATO-ს მტკიცე მხარდამჭერია, დაუშვა, რომ ევროპელებს შესაძლოა, მოუწიოთ ახალი თავდაცვითი სტრუქტურის შემუშავება ალიანსის ჩასანაცვლებლად.

„ჩემთვის ძალიან საინტერესოა ვნახო, თუ როგორ მივდივართ NATO-ს სამიტისკენ ივნისის ბოლოს. ვისაუბრებთ თუ არა კვლავ NATO-ზე მისი ამჟამინდელი ფორმით, თუ მოგვიწევს გაცილებით უფრო სწრაფად შევქმნათ დამოუკიდებელი ევროპული თავდაცვისუნარიანობა“, – თქვა მერცმა.

მერცმა აღნიშნა, რომ მას აქვს გარკვეული იმედი იმისა, რომ აშშ-ს კონგრესი და თეთრი სახლი არ გამოთიშავს უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან.

„არ ვარ დარწმუნებული, რა იქნება ამერიკის მთავრობის პოზიცია ამ ომთან დაკავშირებით მომდევნო კვირებსა და თვეებში. ჩემი შთაბეჭდილება ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არის ის, რომ რუსეთი და ამერიკა ერთიანდებიან უკრაინის თავზე, და შესაბამისად, ევროპის თავზეც”, – განაცხადა მან.

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის კონსერვატიული ბლოკი 23 თებერვლის არჩევნების შედეგებით ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობას აგროვებს, ხოლო მერცი, როგორც მოსალოდნელია, გერმანიის შემდეგი კანცლერი გახდება.

მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში.

პირველი არხი