ფრანგული სუპერმარკეტები 2024 წლიდან მინის ბოთლების მიღებას დაიწყებენ, რომ სასმლის მწარმოებლებს ხელახლა გამოყენებისთვის მიაწოდონ. ამას 2040 წლისთვის პლასტიკური შეფუთვის ეტაპობრივი გაუქმების პროგრამა ითვალისწინებს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
ექსპერტების გამოთვლით, მინის ბოთლების ხელახალი გამოყენება, პლასტმასის ბოთლის გადამუშავებასთან შედარებით, ენერგიის 76%-ს, წყლის 33%-სა და სითბური გაზების ემისიის 79%-ს „ზოგავს.“
მინის ბოთლები გაირეცხება, დეზინფექცია ჩაუტარდება, შემდეგ კი სასმლის მწარმოებლებს ხელახლა გამოსაყენებლად გადაეცემა. ექსპერტების აზრით, ერთი შუშის ბოთლის 50-ჯერ გამოყენება არის შესაძლებელი.
პირველ ეტაპზე, რომელიც ორი წელი გაგრძელდება, მინის ტარას „მოხალისე“ სუპერმარკეტები ჩაიბარებენ, შემდეგ კი ეს პირობა ყველა მაღაზიისთვის სავალდებულო გახდება.
საფრანგეთი 2040 წლისთვის პლასტმასის, მათ შორის ისეთი შეფუთვების მთლიანად ამოღებას გეგმავს, რომელიც ეტიკეტირებულია, რომ ბიოდეგრადირებადი ან გადამუშავებული მასალისგან არის დამზადებული. ამდენად, ქვეყანაში საკვების ერთჯერადი ხონჩებით დაწყებული და პასტის ტუბებით დამთავრებული, ყველა სახის პლასტმასის შეფუთვა აიკრძალება.
2019 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, ევროპელებმა ერთჯერადი ან თუნდაც გადამუშავებადი პლასტმასის ჭიქები და საკვები კონტეინერები ნაკლებად გამოიყენონ. 2020 წელს ევროკავშირმა, European Green Deal-ის ინიციატივის ფარგლებში, ციკლური ეკონომიკისკენ აიღო კურსი. ეს ზომები პლასტმასის წინააღმდეგ ბრძოლის საერთო ევროპული სტრატეგიის ნაწილია. 2030 წლისთვის ევროკავშირში პლასტმასის ნახევარზე მეტი გადამუშავდება, ხოლო ყველა შესაფუთი პლასტმასა ადვილად გადამუშავებადი ან ხელახლა გამოყენებადი გახდება.
ცნობისთვის: ნიდერლანდებში 1-ელი ივლისიდან წასაღები საკვებისა და სასმლის პლასტმასის შეფუთვაზე დამატებითი გადასახადი ამოქმედდება, რისი მიზანიც ქვეყანაში პლასტიკური ნარჩენების რაოდენობის შემცირებაა. მოქალაქეებს დამატებითი საფასური დაერიცხებათ, თუკი მყიდველი საკვებს სახლიდან ან წასაღებად შეუკვეთს. პლასტმასის ჭიქა 25 ევროცენტი, ხოლო თეფში ან სხვა დიდი ჭურჭელი 50 ევროცენტი ეღირება.პლასტმასაზე დახარჯული თანხა ჩეკში ცალკე ხაზზე მიეთითება.
ასევე, 1-ელი ივნისიდან ესტონეთის დედაქალაქ ტალინში არცერთ საჯარო ღონისძიებაზე კერძები ერთჯერადი ჭურჭლით აღარ იყიდება, ხოლო 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ეს წესი მთელ ქვეყანაში გავრცელდება. მოქალაქეებს კერძებს, საჭირო ჭურჭლით, სპეციალური მრავალჯერადი კონტეინერებით მიაწვდიან, რომლის ღირებულებაც ჩეკში შევა. თუმცა შემგროვებელ პუნქტში კონტეინერის ჩაბარებით მყიდველი ამ თანხის სრულად ანაზღაურებას შეძლებს.
bpn.ge