ევროკავშირის ქვეყნებში, კომპანიების ერთი მეხუთედი (20%) 2025 წელს ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიებს იყენებდა. ეს წინა წელთან შედარებით ერთ–ნახევარჯერ მეტია, – იუწყება „ევროსტატი“.
ასეთი კომპანიების ყველაზე დიდი რაოდენობა სკანდინავიის ქვეყნებშია — დანიაში (42%), ფინეთში (38%) და შვედეთში (35%). რეიტინგის ბოლოში არიან რუმინეთი, სადაც კომპანიების მხოლოდ 5% იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, ასევე პოლონეთი და ბულგარეთი (თითოეული 8.5%).
თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ - მაგალითად, დანიაში ეს რიცხვი 14%-ით გაიზარდა, ხოლო ფინეთსა და ლიეტუვაში - 13.5%-ით.
ხელოვნური ინტელექტი ყველაზე ხშირად გამოიყენება ტექსტის ანალიზისთვის, სურათების, ვიდეოების, ტექსტისა და მეტყველების გენერირებისთვის, ასევე აუდიოჩანაწერების გასაშიფრად.