ევროპული მედიასაშუალებების 80-ზე მეტმა რედაქტორმა ხელი მოაწერა პეტიციას და გამოვიდა მოწოდებით, „უნგრეთის ხელისუფლებამ არ მიიღოს კანონი, რომლის მიზანია, შეზღუდოს უცხოეთიდან დაფინანსებული მედიისა და უფლებადამცველი ჯგუფების საქმიანობა“. ოპონენტების აზრით, ეს მიზნად ისახავს უნგრეთის მთავრობის მიმართ კრიტიკის ჩახშობას.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პეტიციას ხელი მოაწერეს ბრიტანული Guardian-ის, ფრანგული Liberation-ის, პოლონური Gazeta Wyborcza-ს, ავსტრიული ORF-ის, სლოვაკური SME-ისა და ჩეხური Hospodarske Noviny-ის 84-მა რედაქტორმა. ისინი მოუწოდებენ თავიანთი ქვეყნების მთავრობებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, არ დაუშვან უნგრეთში აღნიშნული კანონის მიღება და აცხადებენ, რომ ის ეწინააღმდეგება როგორც ევროკავშირის ხელშეკრულებებს, ასევე ფუნდამენტური უფლებების ქარტიას.

საჯარო პეტიციის ხელმომწერებმა განაცხადეს, რომ „„ფიდესი“ იყენებს იმავე ავტორიტარულ ტაქტიკას, რომელსაც მიმართავს ვლადიმერ პუტინი რუსეთში“.

ხელმომწერების განცხადებით, თავისუფალი პრესის გადარჩენა არის როგორც შიდა უნგრული, ისე საერთო ევროპული პრობლემა, „განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში სულ უფრო მეტი პოპულისტი ლიდერი ჰბაძავს ვიქტორ ორბანის მეთოდებს“.

კანონპროექტი, რომელიც გასულ კვირას პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიამ, „ფიდესმა“ წარადგინა, ითვალისწინებს იმ ორგანიზაციების სიის შექმნას, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას და მათი საქმიანობის შეზღუდვას ან სულაც დახურვას, თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან უნგრეთსა და მის კულტურას.

უნგრულმა მედიამ, ანალიტიკურმა ცენტრებმა და უფლებადამცველმა ჯგუფებმა აღნიშნული კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ის მიმართულია პოლიტიკური დისიდენტობის ხმების ჩახშობისკენ.

უნგრელი კანონმდებლები კანონპროექტს ივნისის შუა რიცხვებში უყრიან კენჭს. მისი დამტკიცება, სავარაუდოდ, უპრობლემოდ მოხდება, რადგანაც მმართველ პარტია „ფიდესს“ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა აქვს.

პირველი არხი