ორშაბათს გამოქვეყნებული ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) კვლევის თანახმად, ევროზონის კომპანიები ახალი მასშტაბური ინფლაციის რისკს ხედავენ, თუ ირანის ომი კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება, რაც თავის მხრივ ევროზონის ქვეყნებისთვის  საწვავის, წყალბადისა და ჰელიუმის მიწოდების შემცირებაში გამოიხატება,- ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს

წყაროს მტკიცებით, ანალიტიკოსები ევროპულ ბაზარზე კოვიდპანდემიის მსგავს ინფლაციურ ფონს ვარაუდობენ. 

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გასულ კვირას საპროცენტო განაკვეთები უცვლელი დატოვა, თუმცა იმსჯელა მათ გაზრდაზე მზარდი ინფლაციის დასაძლევად და მიანიშნა, რომ სესხების აღების ხარჯების გაზრდას, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს.

ECB-ის მსხვილი კომპანიების კვარტალურმა კვლევამ აჩვენა, რომ საჰაერო გადაყვანების, ლოჯისტიკის, ქიმიური მრეწველობის, პლასტმასისა და შეფუთვის სექტორებში მოქმედმა ფირმებმა ფასები უკვე გაზარდეს (ხშირად ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით) ან დააანონსეს მატება, რაც ასახავს ნავთობის ფასების ზრდას კონფლიქტის დაწყების შემდეგ.

თუმცა, სხვა ფასებზე გავლენის გავრცელება, რაც უფრო მნიშვნელოვანია ECB-ის პოლიტიკისთვის, სავარაუდოდ უფრო თანდათანობითი იქნება, ვიდრე 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს, რადგან მსხვილმა კომპანიებმა თავი დაიზღვიეს ენერგორესურსების ფასების მერყეობისგან.

პოსტპანდემიურ პერიოდთან შედარებით შემამსუბუქებელ ფაქტორებად ECB-მ დაასახელა სუსტი გლობალური მოთხოვნა (განსაკუთრებით ჩინეთის მხრიდან), მომსახურების სფეროში მოსალოდნელი ბუმის არარსებობა და ფისკალური ხარჯებიდან მომდინარე ეკონომიკური სტიმულირების დაბალი დონე.

აღსანიშნავია, რომ ECB-მა არაფინანსური სექტორის 67 კომპანია გამოკითხა, 23 მარტიდან 1 აპრილამდე პერიოდში.