,,ზოგადი პოზიციაა, რომ ჩვენ არ გვჭირდება რეგულაციები, მაგრამ ასევე გვესმის სახელმწიფოს პოზიცია, რომ ხედავენ რაღაც რისკებს, მაგრამ ეს კარგად უნდა დაასაბუთონ, რა რისკებია",- ამის შესახებ ასოციაცია "ბუნებრივი ღვინის" თავმჯდომარე, ზურაბ მღვდლიაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, სადაც მეღვინეები ხელისუფლების ახალ ინიციატივას განიხილავენ, რომლის მიხედვითაც, ვისაც ვენახის გაშენება, ყურძნისა და ღვინის გაყიდვა სურს, ნებართვა "ღვინის ეროვნული სააგენტოსგან" უნდა მიიღოს, ვაზის ნერგებიც მხოლოდ სერტიფიცირებულ სანერგეში უნდა შეიძინონ.
მღვდლიაშვილის თქმით, სახელმწიფომ რისკები კარგად უნდა დაასაბუთოს.
,,მგონია, რომ ნებისმიერი რეგულაცია, ცნობილია, რომ ანელებს და აფერხებს ბიზნესს და მის განვითარებას. და, როცა რეგულაციები შემოდის, უნდა იყოს ამის საპირწონე მეორე რაღაც, რაც უფრო დიდი სიკეთეა, ვიდრე ეს შეფერხება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჩვენ, ვინც ვართ ასოციაციაში, უმრავლესობა, 2010-11 წლიდან ვაწარმოებთ ღვინოს კომერციულად. მოგეხსენებათ, 2005-06 წლის შემდეგ, ქართული ღვინის ხარისხი გაცილებით გაუმჯობესდა. განსაკუთრებით - მცირე მარნებში. მაგრამ, ეს არ მომხდარა იმიტომ, რომ რეგულაციები იყო შემოსული, არამედ იმიტომ, რომ სწავლობენ მევენახეები ღვინის დაყენებასაც, ვენახის მოვლასაც და თვითონვე აუმჯობესებენ ამ ხარისხს. ჩვენ ვყიდით ღვინოს საკმაოდ მაღალ საფასო სეგმენტში. მაგალითად, ერთი ბოთლის საფასური 8-10 დოლარი, რომელსაც ჩვენ გვიხდიან. ჩვენ, ძირითადად ევროპასა და ამერიკაში ვყიდით ღვინოს.
თავისთავად, მეღვინე პირველ რიგში დაინტერესებულია, რომ ხარისხიანი პროდუქტი აწარმოოს, ხარისხიანი ყურძენი მოიყვანოს. მოგეხსენებათ, ბუნებრივ მეღვინეობაში განსაკუთრებით ხარისხიანი ყურძენი თუ არ გაქვთ, გამორიცხულია, რომ ღვინო მიიღოთ. ამიტომ, ჩვენ, ყველანაირი რეგულაციების გარეშეც, ისედაც ძალიან კარგად ვვითარდებოდით და რეგულაციები არ გვჭირდებოდა ამისთვის. ამიტომ, ზოგადი პოზიციაა, რომ ჩვენ არ გვჭირდება რეგულაციები, მაგრამ ასევე გვესმის სახელმწიფოს პოზიცია, რომ ხედავენ რაღაც რისკებს, მაგრამ ეს კარგად უნდა დაასაბუთონ, რა რისკებია," - ამბობს ზურაბ მღვდლიაშვილი.