„იაფი პროდუქტების კალათა თუ შეიქმნება პრაქტიკულად სავაჭრო ქსელი დაიწყებს მონოპოლიზებას“ - ამის შესახებ რადიო კომერსანტის თემის ეთერში საუბრისას ეკონომიკის დოქტორმა რამაზ გერლიანმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ „რითეილ ასოციაციის“ წევრმა კომპანიებმა „საოჯახო კალათის” ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება დაიწყეს, რომლებზეც მუდმივ რეჟიმში განსაკუთრებული შეთავაზებები გავრცელდება.
„მაქვს შთაბეჭდილება, რომ კომპანიები ვერ იაზრებენ ამ საკითხის სიღრმეს. თუ ჩვენ გავყვებით იაფი პროდუქტების კალათის შექმნის კონცეფციას, ეს გამოიწვევს მდარე პროდუქტებით ჩანაცვლებას ჩვენი ყოველდღიური მოხმარების სურსათის, ასევე ამ პროცესით, დაზარალდებიან სხვა ადამიანებიც. ჩვენ ვნახეთ, რომ სავაჭრო ქსელში არსებულ ერთ-ერთ მსხვილ ჯგუფს, რომელსაც ბაზრის 27 პროცენტი უკავია, აღარაფერი აკლია მონოპოლიამდე.
თუ სავაჭრო ქსელში არსებული ჯგუფები ასეთ კალათას შექმნიან, პრაქტიკულად, ქსელი დაიწყებს მონოპოლიზებას, შედეგად, მაგალითად, ბაზრობებზე არსებული მცირე ბიზნესები და სხვები ამ პროცესით დაზარალდებიან. დაზარალდებიან თავად მომხმარებლებიც“. - აღნიშნა რამაზ გერლიანმა.