ევროპის ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ არ უჭერენ მხარს Visa, Mastercard, PayPal ან Alipay-ზე უარის თქმას, თუმცა ემხრობიან მრავალფეროვან, კონკურენტულ საგადახდო გარემოს.
ევროპის ცენტრალური ბანკის ოფიციალური განცხადება „ევრონიუსმა“ გაავრცელა.
ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა ევროპის ცენტრალურ ბანკს ამ საკითხზე კომენტარი მას შემდეგ სთხოვა, რაც ფინანსური ინსტიტუტის დირექტორის, კრისტინ ლაგარდის განცხადებამ სოციალურ ქსელებში გაუგებრობა გამოიწვია. ბევრი მომხმარებელი წერს, რომ ევროკავშირს Visa, Mastercard, PayPal ან Alipay-ზე უარის თქმა სურს.
კერძოდ, ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორმა 2 აპრილს, ირლანდიურ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეამციროს დამოკიდებულება ამერიკულ და ჩინურ საგადახდო სისტემებზე.
„როდესაც დავფიქრდებით, დღეს ჩვენი ციფრული გადახდების დიდი ნაწილი, ასევე ბარათებითა და ტელეფონის საშუალებით გადახდები ყოველთვის დამოკიდებულია არა ევროპულ ინფრასტრუქტურაზე. როგორც წესი, როდესაც იყენებთ ბარათს ან ტელეფონს გადახდებისთვის, ეს ხდება Visa, Mastercard, PayPal, Alipay-ის საშუალებით. საიდან მოდის ეს ყველაფერი? ამერიკიდან ან ჩინეთიდან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა შევამციროთ მოწყვლადობა და უზრუნველვყოთ, რომ ხელმისაწვდომი იყოს ევროპული შეთავაზება. ყოველი შემთხვევისთვის“, – განაცხადა ლაგარდმა აღნიშნულ ინტერვიუში.
ამ განცხადებასთან დაკავშირებით ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განმარტა, რომ სოციალურ მედიაში ლაგარდის სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და Visa, Mastercard, PayPal ან Alipay-ზე უარის თქმას არ უჭერენ მხარს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ მრავალფეროვან და კონკურენტულ საგადახდო გარემოს, რომელი მოიცავს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ვარიანტებს. ციფრული ევრო იქნება დამატებითი არჩევანი მომხმარებლებისთვის და საწარმოებისთვის და არა არსებულის ჩანაცვლება“, – განაცხადეს ევროპის ცენტრალურ ბანკში.