ოქტომბერში ევროპის მიწისქვეშა საცავებიდან გაზის მთლიანი გადაქაჩვა ამ თვის ისტორიაში მეოთხე მოცულობაზეა, ხოლო ჩატვირთვა 2011 წლის შემდგომი პერიოდის მინიმუმზეა.

ამის შესახებ Gas Infrastructure Europe-ის (GIE) ანგარიშში წერია.

კერძოდ, 13 ოქტომბრის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნების მიწისქვეშა საცავებში გაზის ჩატვირთვამ 152 მლნ კუბური მეტრი, ხოლო საცავებიდან გადაქაჩვამ 54 მლნ კუბური მეტრი შეადგინა.

საცავებში რეზერვი 95%-ს აჭარბებს, თუმცა 2023 წლის რეკორდულ დონეს უკვე მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ამჟამად ევროპის საცავები 95,07%-ით არის სავსე და 105,5 მლრდ კუბურ მეტრ გაზს შეიცავს, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ თარიღის საშუალო მაჩვენებელს 3,22%-ით აღემატება.

ამასთან, ევროკავშირის ელექტროენერგიის წარმოებაში ქარის გენერაციის წილი ოქტომბერში 19%-მდე გაიზარდა.

ტერმინალებიდან გაზის ტრანსპორტირების ევროპული სისტემისთვის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მთლიანი მიწოდება აგვისტოში 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალი იყო, თუმცა სექტემბერში კვლავ გაიზარდა. ამჟამად LNG-ის რეგაზიფიკაციისა და ევროპულ მილსადენებში მისი შემდგომი გადაქაჩვის სიმძლავრე მაქსიმუმის 36%-ს შეადგენს.

სექტემბერში ევროპის საფონდო ბირჟაზე 1,000 კუბურ მეტრ გაზის საშუალო შესასყიდი ფასი 416 დოლარი იყო, ხოლო ოქტომბერში, დაახლოებით, 451 დოლარია.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი