ევროპელი ლიდერები ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს, უაღრესად აფასებს პარტნიორობას დემოკრატიულ სომხეთთან, რომელიც სულ უფრო უახლოვდება ევროპას.
„ძვირფასო ნიკოლ ფაშინიან, გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას. 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის სული, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით, ცოცხალი და ძლიერია. უაღრესად ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას დემოკრატიულ სომხეთთან, რომელიც სულ უფრო უახლოვდება ევროპას. სომხეთს შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.
როგორც კოშტა წერს, სომხეთის ხალხმა ხმა მისცა მშვიდობას, სტაბილურობასა და მეზობლებთან და მსოფლიოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე აგებულ მომავალს.
„ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს შედეგებს. შეგიძლიათ, იამაყოთ თქვენი როლით სომხეთის მდგრადობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში. ევროკავშირი და სომხეთი ერთად ამყარებენ ადამიანებს შორის უფრო მჭიდრო კავშირებს და ქმნიან ახალ შესაძლებლობებს ენერგეტიკის, ვაჭრობისა და დიგიტალიზაციის სფეროში. ჩვენი ძლიერი პარტნიორობა ინვესტიციაა მთელი რეგიონისთვის უფრო მშვიდობიან და აყვავებულ მომავალში“, – წერს კოშტა.
ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც.
„ძვირფასო ნიკოლ ფაშინიან, გულითადად გილოცავთ საკანონმდებლო არჩევნებში ამ დამაჯერებელ გამარჯვებას. მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას ჩვენი ხალხების სამსახურში ჩვენი თანამშრომლობის გასაძლიერებლად, მშვიდობისა და სომხეთის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად და ევროპასთან დაახლოების იმპულსის გასაძლიერებლად“, – წერს მაკრონი.
ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი.
„გილოცავთ, პრემიერ-მინისტრო ნიკოლ ფაშინიან, არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას. სომხეთმა, მუქარისა და დაშინების მიუხედავად, საკუთარი დემოკრატიული გზა აირჩია. ლატვია მტკიცედ დგას თქვენ გვერდით და მხარს უჭერს სომხეთსა და ევროკავშირს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობებს“, – წერს რინკევიჩი.