მიმდინარე წელს, ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტი 12 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, 2027 წლისთვის კი ექსპორტი წლიურად 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ლიეტუვაში ვიზიტის დროს განაცხადა. ამის შესახებ აზერბაიჯანული პრესა წერს.

მისი თქმით, აზერბაიჯანი ევროკავშირში „მწვანე“ წყალბადის ექსპორტსაც გეგმავს და ეს ყველაფერი ევროკავშირთან აზერბაიჯანი თანამშრომლობის საერთო სტრატეგიული ჩარჩოს ნაწილია.

„2021 წელს აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის მიწოდებამ ევროპაში 8 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა, წელს ეს მაჩვენებელი 12 მლრდ კუბური მეტრი იქნება, ხოლო 2027 წლისთვის, ვფიქრობ, 20 მლრდ კუბური მეტრი. ეს მინიმუმია, რადგან პოტენციალი არსებობს. აზერბაიჯანი, როგორც ევროპის საიმედო მიმწოდებელი, დღეს ნავთობის, ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის ექსპორტს ახორციელებს. ჩვენ ვგეგმავთ წყალბადის, მათ შორის „მწვანე“ წყალბადის ექსპორტს და ეს ყველაფერი ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის საერთო სტრატეგიული ჩარჩოს ნაწილია“, – განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.