სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის ინსტიტუტის ყოველწლიური კვლევის თანახმად, 2024 წელს ყველა ევროპულმა ქვეყანამ, მალტის გარდა, გაზარდა სამხედრო ხარჯები, ხოლო NATO-ს წევრებზე გასულ წელს გლობალური სამხედრო ხარჯების 55%-ი მოდიოდა.

კვლევის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ხარჯებმა 2024 წელს 149 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 38%-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით და ორჯერ აღემატება 2015 წელს დაფიქსირებულ ციფრებს.

რუსეთის სამხედრო ხარჯებმა ქვეყნის მშპ-ს 7.1% და რუსეთის ყველა სახელმწიფო ხარჯის 19% შეადგინა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, უკრაინის მთლიანი სამხედრო ხარჯები 2024 წელს შარშანდელთან შედარებით გაიზარდა 2.9%-ით და 64.7 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც რუსეთის ხარჯების 43%-ის ეკვივალენტურია.

უკრაინას 2024 წელს მსოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრო ხარჯები ჰქონდა, რაც ქვეყნის მშპ-ის 34%-ს შეადგენდა.

გარდა ამისა, 2024 წელს სამხედრო ხარჯების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა ცენტრალური და დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რაც ახალი ხარჯვითი ვალდებულებებისა და მასშტაბური შესყიდვების გეგმების განხორციელებასთანაა დაკავშირებული.

მაგალითად, გერმანიის სამხედრო ხარჯები გაიზარდა 28%-ით და მიაღწია 88.5 მილიარდ დოლარს. პოლონეთის სამხედრო ხარჯები გაიზარდა 31%-ით 38 მილიარდ დოლარამდე.

„გაერთიანების შემდეგ პირველად გერმანია გახდა უდიდესი სამხედრო მხარჯველი დასავლეთ ევროპაში, რაც განპირობებული იყო 2022 წელს 100 მილიარდი ევროს ოდენობის სპეციალური თავდაცვის ფონდის შექმნით“, – აღნიშნა ლორენცო სკარაცატომ, SIPRI-ს სამხედრო ხარჯებისა და შეიარაღების წარმოების პროგრამის მკვლევარმა.

სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის ინსტიტუტის, SIPRI-ს კვლევის მიხედვით, NATO-ს წევრებზე გასულ წელს მოდიოდა გლობალური სამხედრო ხარჯების 55%-ი.

NATO-ს წევრების ჯამური სამხედრო ხარჯები 1 506 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

კვლევის მიხედვით, 2024 წელს ნატო-ს 32 წევრიდან 18-მა შეიარაღებულ ძალებზე მშპ-ს მინიმუმ 2.% დახარჯა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც NATO-მ 2014 წელს ხარჯების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

აშშ-ის სამხედრო ხარჯები გაიზარდა 5.7%-ით და მიაღწია 997 მილიარდ დოლარს, რაც შეადგენდა ნატო-ს საერთო ხარჯების 66%-ს და მსოფლიო სამხედრო ხარჯების 37%-ს. აშშ-ს 2024 წლის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოყოფილი იყო აშშ-ს სამხედრო პოტენციალისა და ბირთვული არსენალის მოდერნიზაციისთვის რუსეთსა და ჩინეთზე სტრატეგიული უპირატესობის შენარჩუნების მიზნით.

ნატო-ს ევროპელმა წევრებმა დახარჯეს ჯამში 454 მილიარდი დოლარი, რაც ალიანსის საერთო ხარჯების 30%-ს შეადგენს.

„ნატო-ს ევროპელი წევრების ხარჯების სწრაფი ზრდა განპირობებული იყო ძირითადად რუსეთის მხრიდან ხანგრძლივი საფრთხით და შეშფოთებით აშშ-ის ალიანსიდან შესაძლო გასვლის გამო“, – აღნიშნა ჯეიდ გიბერტო რიკარმა, სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის ინსტიტუტის სამხედრო ხარჯებისა და შეიარაღების წარმოების პროგრამის მკვლევარმა.

„აღსანიშნავია, რომ თავისთავად ხარჯების ზრდა აუცილებლად არ გამოიწვევს სამხედრო პოტენციალის ან აშშ-ისგან ავტონომიის მნიშვნელოვან გაძლიერებას. ეს გაცილებით უფრო რთული ამოცანებია“, – განაცხადა მკვლევარმა.

პირველი არხი